მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ლარის კურსი შედარებით მყარი იყო, ბაზარზე დოლარი უფრო ძვირი ღირდა ვიდრე დღეს, რაც სპეკულაციური პროცესებით აიხსნება.
ეკონომისტ ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ასეთი ვითარება ნიშნავს, რომ ბაზარზე აჟიოტაჟური მდგომარეობაა და სპეკულაციურ პროცესებს აქვს ადგილი. ასეთი იყო მაღალითად გასული კვირის ოთხშაბათი–ხუთშაბათი, როდესაც ოფიციალური კურსი იყო 2.08 და ყიდვა-გაყიდვის კურსი 2.12–2.2 დიაპაზონში, ხოლო როდესაც კურსი 2.14-ზე ფიქსირდებოდა, დოლარის ყიდვა-გაყიდვა 2.16–2.2 პუნქტის ფარგლებში მიმდინარეობდა.
„ამ შაბათ–კვირას ოფიციალური კურსი არის 2.17და ყიდვა გაყიდვის კურსი 2.11–2.16, ეს ნიშნავს, რომ ბაზარი დასტაბილურებულია და შემდეგ სამუშაო დღეს კურსი უნდა გამყარდეს,“ - აცხადებს ლექვინაძე.
მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია მოსალოდნელია და ეს დამოკიდებულია სსფ–სთან შეთანხმების მიღწევაზე ტრანშთან დაკავშირებით, ასევე იმაზე თუ როგიო იქნება სავალუტო შემოდინების დინამიკა -ექსპორტი და გზავნილები.
როგორც მცირე მეწარმეები „კომერსანტთან“ აცხადებენ, სავალუტო ჯიხურებში დოლარს ერთჯერადად გაცემის ლიმიტი 3-5 ათასამდეა შეზღუდული, თუმცა მიკროსაფინანსოებში მსგავსი პრობლემა არ დგას.
ლარის კურსის მოკლე ვადაში დასტაბილურების მიზნით, საქართველოს მთავრობა სავალუტო ფონდის მისიისგან დამატებით თანხას ითხოვს.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, დამატებითი თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იქნება ჩადებული.
ორშაბათს იგეგმება სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრა, რომელზეც განხილული იქნება ინფრასტრუქტურული ზეგანაკვეთული პაკეტის მოცულობა.
პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, კარგად უნდა გაანალიზდეს ის ფაქტორები, რაც ლარის კურსზე გავლენას ახდენს, რათა მომავალში თავიდან იყოს აცილებული რყევები. მისივე თქმით, ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის ერთერთი მიზეზი პანიკაცაა და თუ ეს განწყობა გადალახული იქნება, ლარის კურსი სტაბილიზაციისკენ წავა.
ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნამ ბიზნესს მიმდინარე წლისამი ნეგატიური მოლოდინები გაუჩინა. ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ბიზნესისთვის ამ წუთას ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ ლარის კურსის შენარჩუნება, ისევე როგორც გაზის ტარიფის გაზრდის თავიდან აცილება.
„სამწუხაროდ, გარე ფაქტორები არასოდეს არ გვაკლდა ისტორიულადაც, ყველაფერი მთავრობის ხელთაა – მათ შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ ლარის კურსის ამ ფანტასტიურ რყევებზე,“ - აცხადებს პაპაშვილი.
No comments:
Post a Comment