02 February 2015

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი” - ტელეკომპანია "მაესტრო" განცხადებას ავრცელებს


ტელეკომპანია "მაესტრო" ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი კანდელაკის ევროსაბჭოში 29 იანვარის გამოსვლას ეხმაურება.
როგორც "მაესტროს" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, კანდელაკის გამოსვლაში საუბარია მედიის თავისუფლების შესახებ, სადაც კანდელაკმა განაცხადა, რომ გასული წლის 22 დეკემბერს "მაესტრო" თანამშრომელთა ნაწილმა იმ მოტივით დატოვა, თითქოს "მაესტროს" სარედაქციო დამოუკიდებლობაში რეგულარულად ერეოდა მთავრობის კანცელარიის წარმომადგენელი. ტელეკომპანია "მაესტროს " განცხადებაში წერია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის განცხადება ტყუილია.
"ტელეკომპანია "მაესტრო" აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი. მოუწოდებს ყველა პოლიტიკოსს, ნუ გამოიყენებენ მედიაში მიმდინარე პროცესებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის. ტელეკომპანია "მაესტრო" მზად არის, დაინტერესების შემთხვევაში ითანამშრომლოს ევროსაბჭოსთან, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მიაწოდოს მათ ზუსტი ინფორმაცია მედიაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ტელეკომპანია "მაესტრო" იმედოვნებს, რომ ევროსაბჭო დასკვნებს მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით არ გამოიტანს. მითუმეტეს, რომ ამ შემთხვევაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გამოსვლას "მაესტროს" საინფორმაციო მიმართულების უკვე ყოფილი ხელმძღვანელიც გაემიჯნა", - ნათქვამია ტელეკომპანია "მაესტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

No comments:

Post a Comment