11 February 2015

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ზაფხულიდან ამუშავდება – ზარალი 85-95%-ით შემცირდება

კახეთში სეტყვასაწინააღმდეგო საცეცხლე პოზიციების მშენებლობა მიმდინარეობს, სარაკეტო დანადგარების მონტაჟი კი მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება. სულ რეგიონში 83 ერთეული ასეთი წერტილი განთავსდება და რვავე მუნიციპალიტეტს მოიცავს. სისტემის პირველი სატესტო სროლები აპრილის ბოლო რიცხვებში გაიმართება, სრულ ფუნქციონირებას კი ზაფხულიდან დაიწყებს.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მშენებლობას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ახორციელებს. ვესაუბრებით „დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსსთამარ გვარიშვილს.
„კახეთის რეგიონში დამონტაჟების პროცესში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა წარმოადგენს სხვადასხვა კომპონენტებისგან შემდგარ ერთიან კომპლექსს, რომლის მიზანი და დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სეტყვისგან დაცვაა. სისტემის დაფარვის ზონაში შედის მთლიანი კახეთის რეგიონი. ინდივიდუალური საცეცხლე-სარაკეტო სისტემების მოქმედების რადიუსი კი შეადგენს 8 კმ-ს“.
- სად განთავსდება და მუნიციპალიტეტების მიხედვით როგორ განაწილდება?
- ზემოქმედების წერტილების პოზიციების მოწყობა წინასწარ შერჩეულ ადგილებზე მიმდინარეობს. სულ კახეთის რეგიონში (თელავი, ახმეტა, ყვარელი, გურჯაანი, ლაგოდეხი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, საგარეჯო) 83 ერთეული ასეთი წერტილი განთავსდება. წერტილები შერჩეულია გეოფიზიკის ინსტიტუტისა და ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის რეკომენდაციითა და დასკვნების მიხედვით.
სისტემის შემადგენლობაში შედის ასევე მეტეოროლოგიური რადიოლოკაციური სადგური, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭოტორთან (ნუკრიანის თემი) განთავსდება.
სისტემის ერთიანი მართვის ცენტრი განთავსდება თბილისში.
- როდიდან დაიწყებს სისტემა ფუნქციონირებას, ეტაპობრივად ამუშავდება  თუ ერთდროულად?
- სისტემის პირველი სატესტო სროლები აპრილის ბოლო რიცხვებში გაიმართება. სრულ ფუნქციონირებას კი ზაფხულიდან დაიწყებს. ფუნქციონირება დაიწყება მთელი კახეთის რეგიონის მასშტაბით.
- რა შედეგებია მოსალოდნელი?
- სისტემის ამოქმედების შემდეგ კახეთის რეგიონში სეტყვისაგან მიყენებული ზარალი 85-95%-ით შემცირდება.
- საბოლოოოდ რა თანხა გამოიყო ამ სისტემის ასამუშავებლად და საიდან?
- სისტემის მოწყობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 14,7 მილიონი ლარი.
- გარემოზე ან მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითად ხომ არ აისახება?
- სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტების საშუალებით ღრუბელში სეტყვის კრისტალების დაშლა ადრეულ სტადიაზე ვერცხლის იოდიდის გაფრქვევით ხდება. შესაბამისად, გარემოზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არანაირ უარყოფით ზემოქმედებას არ ახდენს. რაკეტების რეაგენტი შემოწმებულია და გამოიყენება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.
ყოველწლიურად კახეთის რეგიონს სეტყვა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. წინასაარჩევნოდ, კახეთში მცხოვრები მოსახლეობის ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შექმნა იყო. ბოლოს, ყველაზე ძლიერი სეტყვა კახეთში 2012 წლის 19 ივლისს მოვიდა. სეტყვას თან ქარბორბალაც ახლდა. სტიქიამ გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლის და საგარეჯოს რაიონებში რამდენიმე ათასი ოჯახი დააზარალა. ქარიშხალმა 200–მდე სახლს მთლიანად, ათასზე მეტს კი სახურავი ნაწილობრივ გადახადა. დაისეტყვა ვენახები, ხეხილის ბაღები და ბოსტნეული. გურჯაანის სოფლებში ველისციხეში, ვაზისუბანში, შაშიანში, კალაურსა და ვაჩნაძიანში სეტყვამ მოსავლის 100% გაანადგურა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

No comments:

Post a Comment