"ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" საარჩევნო შტაბის თავჯდომარე გიგი უგულავა ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უმოკლეს ვადაში მეორე ტურის გამართვის თარიღის დადგენას მოითხოვს.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ სრულიად ლეგიტიმური და ლოგიკური მოთხოვნა აქვს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურის თარიღი უმოკლეს ვადებში დაასახელოს. ამას ძალიან პრინციპული მნიშვნელობა აქვს და ეს უბრალოდ თარიღის ცოდნა არ არის. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ მეორე ტურში გასული სუბიექტები განმეორებითი არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ. ჩვენი ინფორმაციით, მთავრობამ ქალბატონ თამარ ჟვანიაზე ზეწოლა მოახდინა და მთავრობის მოთხოვნა 12 ივლისი იყო, რაც აბსოლიტურად ეწინააღმდეგება იმ წესებს და პროცედურებს, რომლებიც არსებობს. ძალიან ბევრ სუბიექტს სასამართლოში გასაჩივრებული აქვს და ხელახალი გადათვლები მიდის. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ 19 ივლისამდე ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმეორებითი ტური დანიშნოს. ამ თარიღის ცოდნას აქვს პრინციპული მნიშვნელობა, ვინაიდან სწორედ გამოცხადებიდან ყველა მონაწილე კვალიფიციურ სუბიექტს ექნება უფასო საეთერო დროით სარგებლობის შესაძლებლობა, რა შესაძლებლობასაც, ამ მომენტისთვის სუბიექტები ბიუროკრატიული თუ სხვა ხარვეზების გამო ამ ინსტრუმენტს მოკლებული ვართ. ასევე მნიშვნელოვანია თარიღის ცოდნა იმისათვის, რომ სუბიექტებმა თავიანთი კამპანია დაგეგმონ და რაც მთავარია, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს არაფერი არ ხდება, მეორე ტური ეს არაფერია, გამარჯვება უკვე ნაზეიმები აქვს და მაქსიმალურად ცდილობს ყველაფრის დეაქტუალიზაციას. კატეგორიულად მოვითხოვთ, მაქსიმუმ ხვალ გამოცხადდეს მეორე ტურის თარიღი, წინააღმდეგ შემთხვევაში მთარვობასა და ცენტარული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობას შორის მორიგი გარიგება იქნება სახეზე", - განაცხადა უგულავამ.
No comments:
Post a Comment