15 June 2014

გიორგი მარგველაშვილი: დემოკრატიული პროცესი შეუქცევად ტრადიციად ვაქციეთ!

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების წარმატებით დასრულება მიულოცა.
 ძვირფასო თანამოქალაქენო, დღეს ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხა ღირსეულად, ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისკენ კიდევ ერთი ენერგიული ნაბიჯი გადადგა. 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მშვიდობიანად და დემოკრატიულად, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ჩატარებით ჩვენ უმნიშვნელოვანესი საარჩევნო ციკლი დავასრულეთ და დემოკრატიული პროცესი შეუქცევად ტრადიციად ვაქციეთ. ამ არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა და უმთავრესი გამარჯვება, რომელიც დღეს მოვიპოვეთ, არის ის, რომ მკაფიოდ ვაჩვენეთ ჩვენი საზოგადოების მაღალი შეგნება, წინსვლა დემოკრატიული კულტურის განვითარების მიმართულებით, ხმამაღლა განვაცხადეთ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება, განუხრელად ვიაროთ დემოკრატიისა და პროგრესის გზით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი მალე მოიმკის ამ ღირსეულ ნაბიჯთა სასიკეთო შედეგებს. გილოცავთ არჩევნების წარმატებით დასრულებას. ერთიანობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას. ღმერთმა დალოცოს საქართველო", - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში. 

No comments:

Post a Comment