30 April 2015

რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფოს ერთ თვეში დაუბრუნდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცესი სავარაუდოდ ერთ თვეში, მაისის ბოლოს დასრულდება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ „კომერსანტს“ განუცხადა. 

მისი თქმით, სწორედ ამ პროცესის დასრულების შემდეგ გაირკვევა, რა დონის, როგორი და რამდენ საწოლზე გათვლილი უნდა იყოს ეს საავადმყოფო. მომდევნო ეტაპზე, რესპუბლიკურთან ერთად სახელმწიფო გამოაცხადებს ტენდერს სამი კლინიკის ინვესტორის მოძიების მიზნით, თუმცა საუბარია არა გასხვისებაზე, არამედ სახელმწიფოსა და კერძო კომპანიის თანამფლობელობაზე. ეს კლინიკებია რესპუბლიკური საავადმყოფო, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო და ონკოცენტრი. 
ჯანდაცვის სამინისტროში ჯერ კიდევ სექტემბერში აცხადებდნენ, რომ ორი საავადმყოფოს – ბავშვთა ინფექციურისა და ონკოცენტრის გასხვისებაზე ტენდერი გასული წლის ოქტომბრის თვეში უნდა გამოცხადებულიყო.

დღეს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ რესპუბლიკურის დაბრუნების შემდეგ სახელმწიფოს მიეცემა შესაძლებლობა, დაიწყოს აღნიშნული გეგმის განხორციელება, რაც კლინიკების კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივ ფლობას გულისხმობს.

მისი თქმით, მთავრობა არ აპირებს ამ კლინიკების გაყიდვას და საუბარია მსოფლიოში აპრობირებულ, ე.წ. თანაარსებობის პრინციპზე. რათა სახელმწიფომ შეინარჩუნოს საკუთარი პოზიციები ამ სტრატეგიულ კლინიკებში. 

მინისტრის მოადგილის განაცხადებით, უცხოელი ინვესტორების მხრიდან კლინიკებისადმი დაინტერესება დიდია და ამ თემაზე მათ დღეში 5–ჯერ მაინც უკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან. მისივე თქმით, განსაკუთრებით დიდია ინტერესი ონკოცენტრისადმი.

რამდენიმე დღის წინ, მინისტრ სერგეენკოს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, რეკონსტრუქცია, რომელიც უახლოესი სამი თვის განმავლობაში დაიწყება, გულისხმობს კლინიკების აღჭურვას, მართვასა და მენეჯმენტის სახელმწიფო პარტნიორობის მოდელზე მორგებას. გარდა ამისა, როგორც მინისტრი აცხადებს, ამ პერიოდის განმავლობაში მოხდება სახელმწიფო პროგრამების მოქმედი 130 მილიონიანი ბიუჯეტის ეფექტურობის მართვის რევიზია და მათი მორგება ახალ გამოწვევებზე, რათა მოსახლეობამ მეტი შედეგი მიიღოს.

„მოსამზადებელი ფაზიდან ჩვენ საბოლოოდ გადავედით მოქმედებით ფაზაზე. გავაფორმეთ თანამშრომლობა მართლაც პროფესიონალების გუნდთან, რომლებთან ერთადაც შეგვეძლება, რომ  გავზარდოთ ხარისხი მიწვდომადობასთან ერთად და მინიმალური გახდეს იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც საზღვარგარეთ მკურნალობენ. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, სამუშაო გეგმა, რომლის რეალიზაციასაც ვფიქრობთ უახლოესი თვეების განმავლობაში შევძლებთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ახლებური მოდელები საშუალებას მისცემს ქართულ ჯანდაცვის სისტემას რომ  მართლაც გახდეს მაღალი ხარისხის, მაღალი კლასის და ევროპული სტანდარტების შესაბამისი. პირველი შედეგები უნდა გამოიხატოს იმაში, რომ მედიკამენტები გახდება უკვე ბევრად მიწვდომადი მოსახლეობისთვის, ეს იქნება უახლოესი თვეების საქმე. დაიწყება სამი მძლავრი კლინიკის რეკონსტრუქცია, რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოცენტრი და ხილიანის ბავშვთა ინფექციური, რომლის როგორც აღჭურვა ასევე მართვა და მენეჯმენტი იქნება სწორედ ამ მოდელზე დაფუძნებული, კერძოდ, სახელმწიფო პარტნიორობის მოდელზე და გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში მოხდება სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტის მოქმედების რევიზია და მორგება ახალ გამოწვევებზე, იმიტომ, რომ უფრო მეტი რეალური შედეგი მიიღოს მოსახლეობამ“,- განაცხადა სერგეენკომ.

 „კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, სახელმწიფო კლინიკების გასაყიდ წილს საკმაოდ მაღალ ფასს ადებს, რაც, შესაძლოა, ინვესტორისთვის არამომგებიანი იყოს. ონკოლოგიური ცენტრის შემთხვევაში დასახელდა 30–დან 50 მილიონ დოლარამდე. რაც, კლინიკის წილისთვის საკმაოდ დიდი თანხაა. რადგან, მაგალითად, მას რომ რამდენიმე წელიწადში კლინიკის გაყიდვა მოუნდეს, ამაში სახელმწიფოს მონაწილეობა გარკვეულწილად შეზღუდავს. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ავთანდილ იმედაძის განცხადებით კი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის სახელმწიფოს სჭირდება გარკვეული ბაზა და სწორედ ამ ბაზის მომზადებას ემსახურება სამი კლინიკისგან ერთგვარი ჰოლდინგის შექმნა. 
  
მისი ინფორმაციით, სახელმწიფომ კანადურ მხარესთან უკვე მიაღწია შეთანხმებას კლინიკის დაბრუნებასთან დაკავშირებით. 

იმედაძის თქმით, სამი კლინიკის ერთ ჰოლდინგად გაერთიანება სახელმწიფოს მართვის ქვეშ ეფექტური იქნება, ეს ფასების დარეგულირებისა და პაციენტების მომსახურების გაუმჯობესების მხრივ მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება.

ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს სახელმწიფოსთვის დაბრუნების გაჭიანურების მიზეზი  კანადელ ინვესტორებთან დადებული ხელშეკრულებაა. 

ავთანდილ იმედაძის ინფორმაციით, მაშინდელმა პრეზიდენტმა კანადელებს პირდაპირი მიყიდვის წესით,  6 მილიონ დოლარად გადასცა 15 მილიონიანი ქონება. რაც შეეხება ინვესტიციებს, ეს თანხა საავადმყოფოში არ ჩადებულა და არც კანადელები იღებენ მონაწილეობას კლინიკის მართვაში. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს კანადელი ინვესტორებისგან გამოსყიდვის შესაძლებლობაზე ჯანდაცვის მინისტრმა ჯერ კიდევ 2013 წლის ოქტომბერში ისაუბრა. 

დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ვითარება რთულია და ინვესტორებთან გაფორმებული ხელშეკრულება კაბალურია. 

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკების დასრულებამდე ხელისუფლებას ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება არ აქვს. 

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წლის 20 ივლისს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და „ინტერჰელს კანადა ლიმიტედს“ შორის ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ქონების პრივატიზების ხელშეკრულება იმავე წელს გაფორმდა. ხელშეკრულების პირობა კლინიკის სამედიცინო პროფილის შენარჩუნება და მის ბაზაზე თანამედროვე საავადმყოფოს შექმნაა. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს დღევანდელი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ საჯარო რეესტრში ინვესტორის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ მომხდარა. მყიდველის მიერ არ გადახდილა საპრივიტიზებო საფასურიც. 

2012 წლის ოქტომბერში, საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ შეაჩერა ხელშეკრულების ძალაში სრულად შესვლისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელება. 

მიმდინარე წლის 6 აპრილს საქართველოს მთავრობამ ჯგუფ “Global Allianse for Health and Social Compact“-თან შეთანხმებას ხელი მოაწერა, რომლის მიზანიც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.

No comments:

Post a Comment