30 April 2015

თბილისში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობა გაიხსნა

თბილისში დღეს ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისი გაიხსნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, დარწმუნებულია, რომ საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისის გახსნას, მომავალი ურთიერთობების უფრო გაღრმავებისათვის დიდი მნიშვნელობა ექნება.

პრემიერმა გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილ დაფინანსებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო თუ კერძო სექტორში ბანკის მიერ დაფინანსებული თითოეული პროექტი, დამატებით სამუშაო ადგილს ქმნის, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

„საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის არსებულ თანამშრომლობა წარმატებულად გრძელდება სახელმწიფო და კერძო სექტორის დაფინანსების თვალსაზრისით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა ორივე მიმართულებით;

სახელმწიფო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად, ბანკს გამოყოფილი აქვს დაახლოებით 380 მილიონი ევრო. ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს საბანკო სექტორის მიმართ ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერა. დღეის მდგომარეობით ბანკის მიერ საქართველოს კომერციული ბანკებისთვის გამოყოფილმა ფინანსურმა რესურსმა დაახლოებით 110 მილიონი ევრო შეადგინა" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობის ფარგლებში, ბანკი აფინანსებს ინფრასტრუქტურის ისეთ მნიშვნელოვან სექტორებს როგორიცაა გზები, ენერგეტიკა და წყალმომარაგება. ღარიბაშვილის ცნობით, მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ბანკის მხარდაჭერის ფარგლებში რეგიონული და მუნიციპალური, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე: ასეთი პროექტები მოიცავს სხვადასხვა მცირე ქვეპროექტებს, რომლებიც განხორციელდება საქართველოს მასშტაბით და მიზნად ისახავს რეგიონებში მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე.


„სახელმწიფო თუ კერძო სექტორში ბანკის მიერ დაფინანსებული თითოეული პროექტი, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუებთან თანამშრომლობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში, ასევე ხორციელდება სახელმწიფო სტრუქტურების ინსტუტუციური მხარდაჭერაც, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ზრდის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების შესაძლებლობებს დიდი მასშტაბის პროექტების მართვისა და განხორციელების კუთხით. იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობითი ოფისის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბანკის მიერ საქართველოში როგორც სახელმწიფო სექტორის, ასევე კერძო სექტორის დაფინანსების პორტფელის ზრდას. დარწმუნებულნი ვართ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

No comments:

Post a Comment