გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 5–ის ნაცვლად წელს ეკონომიკური ზრდა 2–დან 2,5%–მდე იქნება, ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, პრემიერთან ერთად იმსჯელეს მოსალოდნელ ზრდაზე, გაკეთდა სტრეს ტესტები ყველა მიმართულებით – ექსპორტის, ფულადი გზავნილების და ტურიზმის. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, იმპორტი იწყებს კორექტირებას და ამას ექნება ზეგავლენა ერთის მხრივ სავალუტო დაწოლის კუთხით ლარის კურსზე და მეორეს მხრივ ეკონომიკურ ზრდაზე, რადგან ეს მოხმარებას ეხება.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, მინისტრის თმით, „დაახლოებით 2–დან 2,5 პროცენტის ფარგლებში უნდა ვივარაუდოთ რომ იქნება ეკონომიკური ზრდა.“
მინისტრმა ასევე ისაუბრა მთავრობის მიერ გამოცხადებული „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკაზე, თუმცა კონკრეტული მიმართულებების და ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავა, რადგან, როგორც აღნიშნა, პრობლემა რთულია. ამასთან, განაცხადა, რომ ცვლილება იქნება სერიოზული და იმის ადეკვატური, რა ცვლილებასაც განიცდის მოსახლეობის ჯიბეები.
ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა, რომლის თქმით, საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გადახედვას გეგმავს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობას 5%-იანი ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ამის გადახედვა შექმნილი რთული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე მოუწევს.
"ჩვენ ვაპირებთ გადავხედოთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. მაგალითებს გეტყვით: აზერბაიჯანმა სულ ახლახანს გამოაცხადა, რომ მათი ეკონომიკური ზრდა იქნება 1.5%. სომხეთის და მოლდოვას 0%, ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაქსიმუმი 1,2%-ია. ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით გამონაკლისი. დაგეგმილი გვქონდა 5%-იანი ზრდა, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში მოგვიწევს ამის გადახედვა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა,
რამდენი პროცენტით შეიძლება შემცირდეს საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი პრემიერ-მინისტრს გუშინ არ დაუკონკრეტებია.
No comments:
Post a Comment