24 June 2014

ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა. 
როგორც აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საუბარი შეეხო ორმხრივი დიალოგის ფორმატში მათ მორიგ შეხვედრას, რომელიც ივლისის პირველ ნახევარში ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართება. 
"ჩვენ გვაქვს ჩვენი თემები, რაზეც ვსაუბრობთ. ეს თემები უმთავრესად დაკავშირებულია სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან, სატრანსპორტო საკითხებთან, ჰუმანიტარულ საკითხებთან და სხვა პრაქტიკულ საკითხებთან", - აღნიშნა აბაშიძემ. 
მისივე თქმით, სატელეფონო საუბარი შეეხო იმასაც, რომ აბაშიძე-კარასინს შორის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ასევე პრაღაში გაიმართება ქართველ და რუს ექსპერტთა შეხვედრა. აბაშიძის ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე საუბარი ძირითადად შეეხება სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებს. პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საუბარი იქნება საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზეც. 
"პრაღაშივე, ჩვენ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართება ექსპერტთა შეხვედრა სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ისინი გააანალიზებენ იმ სამუშაოს, რომელიც გაწეულია ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მას შემდეგ, რაც რუსეთთან ეს დიალოგი დაიწყო და იმსჯელებენ სამომავლო პერსპექტივებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ეს საექსპერტო შეხვედრა შედგება ჩვენსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ბუნებრივია, ამაზეც იქნება საუბარი. ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას არანაირად არ განვიხილავთ იმ კონტექსტში, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის რუსეთთან თუ სხვა მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობებში. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ევროპელი კოლეგები ცალსახად მხარს უჭერენ ასეთი საექსპერტო შეხვედრის გამართვას", - განაცხადა აბაშიძემ. 
პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ ასოცირების ხელშეკრულების საკითხზე საუბარი მასსა და კარასინს შორისაც შედგება. "ხელმოწერის შემდეგ შედგება ჩვენი შეხვედრა. ინფორმატიულად საინტერსოა თუ როგორ უყურებს რუსეთი ასოცირების ხელშეკრულებას, როგორ ფიქრობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პროცესის გაგრძელებას. ალბათ ჩვენ ვერ ავუვლით გვერდს ამ საკითხების განხილვას. მაგრამ, ეს უფრო ვიწრო სპეციალისტების თემაა, ვიდრე ზოგადი. ეს უფრო დეტალურად და სიღრმისეულად ამ საექსპერტო შეხვედრაზე განიხილება", - აღნიშნა აბაშიძემ. 
აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ავრცელებს. როგორც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბრის დროს ორმხრივ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, მათ შორის, უახლოეს დღეებში სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტების კონსულტაციის საკითხი საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების კონტექსტში. 

No comments:

Post a Comment