22 September 2014

მარკ ადომანისი - სააკაშვილმა არ იცის, რა არის დემოკრატია


სააკაშვილმა არ იცის, რა არის დემოკრატია, - ამ სათაურით ეხმაურება გამოცემა "ფორბსის" ჟურნალისტი მარკ ადომანისი "ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნებულ სტატიას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე.
როგორც მარკ ადომანისი აღიშნავს, "ნიუ იორკ თაიმსმა" მიხეილ სააკაშვილზე დადებითად მომხიბლავი სტატია გამოაქვეყნა. მისივე თქმით, სტატიაში ნაჩვენებია, თუ როგორც ატარებს ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის ბორკილებისგან გათავისუფლებული მიხეილ სააკაშვილი დღეებს უილიამსბურგის გარშემო ველოსიპედზე სეირნობაში, როგორ სტუმრობს ხშირად თანამედროვე, ჰიპსტერულ კაფე-ბარებს, რომლებიც როგორც წესი, სახელმწიფოს ყოფილ მეთაურებთან არ ასოცირდება.
სტატიის ავტორი ასევე ციტირებს "ნიუ იორკ თაიმსთან" მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს, სადაც იგი აღნიშნავს, რომ უილიამსბურგი დემოკრატიული ტრანსფორმაციის ნაწილია.
"ასეთი შეფასება კარიკატურას ჰგავს. სააკაშვილის ბევრმა კრიტიკოსმა უკვე კარგა ხანია შენიშნა, რომ ის სიტყვა დემოკრატიას იყენებს არა იმ პოლიტიკური სისტემის განმსაზღვრელად, რომელშიც მაღალი რანგის პირებს საზოგადოება თავისუფლად ირჩევს, არამედ ყოვლისმომცველ ტერმინად, რომელიც დაახლოებით ასე ითარგმნება "ის, რაც მე მიყვარს". ქალაქის რაიონის კეთილმოწყობის დემოკრატიასთან გაიგივებით, სააკაშვილმა ყველა დარჩენილი ეჭვები გაფანტა - მან უბრალოდ არ იცის, რა არის დემოკრატია", - წერს მარკ ადომანისი.
სტატიის ავტორისვე თქმით, ულიამსბურგის ტრანსფორმირებას არაფერი აქვს საერთო "დემოკრატიულ ტრანსფორმაციასთან". მისივე განმარტებით, ეს რაიონი მაშინაც კი იყო დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ნაწილი, როდესაც ღარიბი დასახლება იყო. და ის კვლავ რჩება დემოკრატიული პოლიტიკის ნაწილად, როცა მდიდარი უბანი გახდა. როგორც მარკ ადომანისი აღნიშნავს, უილიამსბურგის ტრანსფორმაცია დემოგრაფიული და საბაზრო ძალების რთული ურთიერთქმედებების შედეგია და არა - "ხალხის ხელისუფლების" ან რომელიმე დიდი იდეოლოგიური ჯვაროსნული ლაშქრობის.
"სააკაშვილი დემოკრატიის ხელშემწყობი ინდუსტრიის როკ-ვარსკვლავია, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები აქვს კლუბის "დემოკრატია მოაგვარებს ყველაფერს" წევრებთან, როგორებიც ჯონ მაკკეინი და ვიქტორია ნულანდი არიან. მან უამრავი სტატია გამოაქვეყნა ბევრ ცნობილ გამოცემაში დემოკრატიის მნიშვნელობაზე და აშშ- მოვალეობაზე, მთელ მსოფლიოში განავრცოს დემოკრატია. ამიტომ ყურადსაღებია და ირონიულზე მეტიც კი, რომ სინამდვილში სააკაშვილს ზედაპირულად ესმის კონცეფცია, რომლის ერთგულიცაა", - წერს მარკ ადომანისი.
როგორც ავტორი აღნიშნავს, დემოკრატია პრობლემის შესანიშნავი გადაჭრაა, როდესაც ეს პრობლემა პოლიტიკური ხელისუფლების გადაჭარბებულ კონცენტრაციაში მდგომარეობს. თუმცა დემოკრატიას, პრაქტიკულად არანაირი გავლენა არა აქვს უძრავი ქონების ბაზარსა და მოდურ კოფი შოფებზე.
"დემოკრატიის განვითარების მხარდამჭერებმა სააკაშვილისგან უნდა ისწავლონ, რადგან ის იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ არ უნდა ილაპარაკო დემოკრატიაზე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ სააკაშვილის მსგავსად თქვენს საყვარელ რესტორანს "დემოკრატიულს" უწოდებთ, გირჩევთ ლექსიკონი გადაშალოთ და კიდევ ერთხელ გაეცნოთ, რას ნიშნავს "დემოკრატია", - წერს მარკ ადომანისი.


წყარო: www.ipn.ge

No comments:

Post a Comment