26 June 2014

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის სოციალური დახმარება ორმაგდება

პირველი ივლისიდან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის სოციალური დახმარება ორმაგდება. ოჯახის პირველ წევრზე, 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარი გაიცემა, ყოველ მომდევნო წევრზე კი, 24 ლარის ნაცვლად, - 48 ლარი. გაზრდილ სოციალურ დახმარებას 144 000 ოჯახი მიიღებს. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი დანარჩენი ჯგუფები დღემდე ძირითადად არაფულადი შეღავათებით სარგებლობდნენ.
ზოგადად, დღეისთვის სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახების სოციალურ დახმარებას 500 000 ოჯახამდე იღებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 4,5 მილიონამდეა, ერთი ოჯახი კი საშუალოდ სამი ადამიანისგან მაინც შედგება, გამოდის, რომ საქართველოს მოსახლეობის მესამედზე მეტს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ამას დაამატეთ პენსიონერთა რაოდენობა, რომელიც თითქმის 900 000- აღწევს (თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ისინი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფებიც არიან) და აღმოაჩენთ, რომ ქვეყანას, საყოველთაო სოციალური ინიციატივების გარეშეც, საკმაოდ სერიოზული მიზნობრივი სოციალური ტვირთი აქვს ნაკისრი.
ჯანდაცვის მინისტრის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ამ სოციალური ტვირთის ბოლომდე აღებას და სოციალური ხარჯების გაზრდას გეგმავს.  1 ივლისიდან ფართოვდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც. კერძოდ, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და ექიმის კონსულტაციებს გეგმიური სამედიცინო დახმარება დაემატება. უფასო იქნება ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები.
კიდევ ერთი გამოწვევაა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა დადგენის კრიტერიუმები, რაც ამ ტიპის დახმარებების შემოღების დღიდან იწვევს წინააღმდეგობრივ შეფასებებს. ის  გადაიხედა და დაიხვეწა კიდეც, მაგრამ  ეს თემა ამჟამად კვლავ დღის წესრიგში დგას. კერძოდ, არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, მათ შორის ისიც, რომ სტატუსის მინიჭების დროს ძირითადად შემოსავალი უნდა იქნეს  მხედველობაში მიღებული. არის აზრიც, რომ 200 ლარზე დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს მიენიჭოს ეს სტატუსი, თუმცა ეს ჯერ კიდევ დადასტურებული ინფორმაცია არ არის.
ვფიქრობთ, შესაბამისი ფორმულის ავტორებს მოუწევთ სერიოზულად დაფიქრდნენ მისი გადახედვის მიზანშეწონილობაზე, რადგან, ამ ლოგიკით, შესაძლოა სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდეს დასაქმებულთა ის 65 პროცენტი, რომელსაც სტატისტიკის სამსახური თვითდასაქმებულებად მიიჩნევს და რომელთა შემოსავლები ფორმალიზებული არ არის.
ცხადია, ასეთი დამატებითი ტვირთის აღება სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, გარდა იმისა, რომ მიზანშეუწონელი იქნება, მის შესაძლოებლებებსაც აღემატება, რადგან, რეალურად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალური ხარჯები ისედაც შესაძლებლობების ზღვარზეა. კერძოდმაგალითად, პენსიების დასაფინანსებლად ბიუჯეტში დაახლოებით 1,3 მილიარდია გამოყოფილი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა სოციალური დახმარებები კი
ბიუჯეტს დაახლოებით 625 მილიონი ლარი უჯდება, სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვებზე ზრუნვა - კიდევ 20 მილიონამდე, საყოველთაო ჯანდაცვა კი - დაახლოებით 600 მილიონი. ანუ სულ 9-მილიარდიანი ბიუჯეტიდან (რომელიც შარშან, მოგეხსენებათ, ვერ შესრულდა), 2,6 მილიარდამდე (ანუ ბიუჯეტის დაახლოებით 30 პროცენტამდე) მხოლოდ სოციალურ დახმარებებზე, ჯანდაცვასა და პენსიაზეა გათვალისწინებული.       
შესაბამისად, ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელიც სოციალური დანახარჯების შემდგომ გაზრდას იტვირთავს, შესაბამისი ფინანსური დასაბუთება და გათვლები ექნება გასაკეთებელი, რათა, საბოლოოდ, აღებული ვალდებულებების დაუფინანსებლობის საფრთხის წინაშე არ დადგეს.


წყარო: www.radiotavisupleba.ge

No comments:

Post a Comment