ნინო ბურჯანაძე: „ჩემთვის უმთავრესი პრიორიტეტი ჩემი სამშობლოს გაერთიანებაა“

როგორც კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, საქართველოს არ აქვს შანსი ნატოში გაწევრიანებისა, ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე დგას რუსეთის ჯარი:
„ღიმილის მომგვრელი იყო განცხადებები იმაზე, რომ მაპის მაგივრად მოგვცემენ მაპზე უკეთესს. ძალიან სამწუხაროა, რომ მოვლენების ანალოგიური განვითარება ხდება დღესაც. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საქართველოს არ აქვს შანსი ნატოში გაწევრიანებისა, ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე დგას რუსეთის ჯარი, ვიდრე ამ ადგილიდან 20 წუთის გზაზე განლაგებულია რუსული სამხედრო ბაზები. ნუ ვატყუებთ ხალხს! მაპს მოგვცემენ თუ მაპზე უკეთესს, ამით რეალობა არ იცვლება, ეს არის ფაქტი.
ვინც ლაპარაკობს იმაზე, რომ საქართველო დღეს ან ხვალ ნატოში უნდა გაწევრიანდეს, პრაქტიკულად ხელს აწერს იმას, რომ საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მომხრე ვიყავი ნატოსთან ინტენსიური თანამშრომლობისა, როცა ამის შანსი იყო, დღეს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დღეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსი არ აქვს. ეს ჩვენ გვითხრა ძალიან ბევრმა სტუმარმა, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალბატონმა მერკელმა, აშშ-სპრეზიდენტმა და თუკი დადგება არჩევანი: ნატოს წევრობა, ან აფხაზეთი და სამაჩაბლო, მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და როგორც პოლიტიკოსი, ვირჩევ ჩემი სამშობლოს ერთიანობას. მე ვირჩევ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ეს არის ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი და ნებისმიერ სხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რაც არ უნდა სასურველი იყოს ეს, ეს არის მეორე ან მესამეხარისხოვანი. სხვა პოლიტიკოსებმა, ვინც ბევრს ლაპარაკობენ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე, გასცენ პირდაპირ პასუხი კითხვას, როგორ აგვარებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას!“
No comments:
Post a Comment