18 June 2014

სერჟ სარგსიანი - ასოცირების ხელშეკრულება საქართველო-სომხეთს შორის ინვესტიციებს გაზრდის

სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც საქართველო 27 ივნისს აწერს ხელს, საქართველოსა და სომხეთს შორის ინვესტიციებს გაზრდის.
როგორც მან საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო და სომხეთი მომავალშიც შეძლებენ ის პერსპექტივები განახორციელონ, რაც ორივე ქვეყანას აქვს.
მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, ქართულ-სომხური პარტნიორობის შემდგომი კონსოლიდაცია მოხდეს.
„სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი ის სტაბილურობაა, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონშია და რაც იმ მნიშვნელოვანი ძალისხმევითაა განპირობებული, რომელსაც სომხეთი და საქართველო მიმართავს. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის გადაწყვეტილებებს. მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს სტაბილურობა მთელ ჩვენს რეგიონში. როცა საქართველო და სომხეთი ძლიერნი არიან, როგორც ცალკ-ცალკე, ასევე ერთად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარანტიაა სტაბილურობისთვის“- განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანია ასევე, ვაჭრობა და კომერციული ურთიერთობები, რომლებმაც თავისი შედეგები უკვე მოიტანა და კონკრეტული განზომილება შეიძინა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა.
სარგსიანის განცხადებით, აღსანიშნავია ასევე, ქვეყნებს შორის ვაჭრობის ზრდა, თუმცა ამ თვალსაზრისით, კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს.
„შევთანხმდით, რომ შემდგომი შეხვედრები უფრო აქტიური და შედეგზე ორიენტირებული იქნება. ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ სფეროში ჩვენს ურთიერთობაზ. მჯერა, რომ საქართველო, რომელიც 27 ივნისს ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის განუყოფელი ნაწილი გახდება. ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, მათ შორის, ჩვენი მეწარმეებისთვის, რადგან ქვეყნებს შორის ინვესტიციები გაიზრდება“ - განაცხადა სერჟ სარგსიანმა.
მისივე თქმით, სომხეთის საბაჟო კავშირის წევრობა გარკვეულწილად, პერსპექტივა იქნება იმ ქართველი მეწარმეებისთვისაც, რომლებსაც სურთ, სომხეთში ინვესტიციები განახორციელონ.
სომხეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქართველ კოლეგასთან ერთად, მიაღწიეს შეთანხმებას, რომ რეგიონში ნებისმიერი კონფლიქტის გადაჭრა მხოლოდ მშვიდობიანი გზებით, საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით არის შესაძლებელი.
„დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე ჰუმანიტარულ სფეროშიც. ჰუმანიტარულ სფეროში ჩვენი თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თანამშრომლობა ეკონომიკის სფეროში, რადგან უკვე დიდი ხანია ამ რეგიონში ვცხოვრობთ და არაერთი მაგალითია იმისა, როცა ერთმანეთს ვაძლიერებდით“ - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა და ქართველ კოლეგას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

No comments:

Post a Comment