12 January 2015

ყველა 200–ზე მეტ სულიან სოფელს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ექნება

საქართველოს მასშტაბით ყველა სოფელში, რომელშიც 200–ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შეყვანა განხორციელდება. მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთელი ტერიტორიის დასაფარად საჭირო პირობების შესაქმნელად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს რთული რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების მშენებლობა ქვეყნის მასშტაბის საკმაოდ მოცულობით ინვესტიციას მოითხოვს. შესაბამისად, უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის ხელშესაწყობად დადებითი გარემოს შექმნა.
სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი იმ სახელმწიფო უწყებებს შორის გაფორმდა, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა საკუთარი რესურსებით კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყონ აღნიშნული მასშტაბის პროექტის განხორციელებას, ზოგ შემთხვევაში სასყიდლიანად ან უსასყიდლოდ, განსაზღვრული ვადით, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე დაშვებით, ზოგ შემთხვევაში - გამოუყენებელი ინფრასტრუქტურის ინვესტორისთვის გადაცემით და ა.შ.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“, „საქართველოს რკინიგზის“ და „საქართველოს ფოსტის“, „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“, „საავტომობილო გზების დეპარტამენტის“, „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლებმა.

No comments:

Post a Comment