13 January 2015

რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას არ უპასუხა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გაუჯობესდა, მაგრამ პოლიტიკური კლიმატი არ გაუმჯობესებულა.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა, ესტონელ კოლეგა ტაავი რიივასისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონეფერენციაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთი ისევ აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ამ დრომდე, რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

„ჩვენ, როდესაც 2 წლის წინ ხელისუფლებაში მოვედით, რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგის მხარდამჭერი ვიყავით და რუსეთთან ურთიეთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელიც დავნიშნეთ. რუსეთმა ქართული პროდუქტებისთვის, მინერალური წყლებისთვის და სხვადასხვა სასურსათო პროდუქციისთვის ბაზარი ეტაპობრივად გახსნა“,-განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მიუხედავად 2012 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯებისა, რუსეთის ხელისუფლებამ არ უპასუხა საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას იმავე სულისკვეთებით. 

„ამის ნათელი მაგალითია დე-ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება. რუსეთი იგივე ხელშეკრულებას სამხრეთ ოსეთთანაც ამზადებს ხელმოსაწერად. რა თქმა უნდა, აღნიშნული ფაქტები ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ვწუხვართ ამაზე. სიტუაცია რთულადაა, მაგრამ ჩვენ ვახორციელებთ კონსტრუქციულ პოლიტიკას. ჩვენ ყველა მხარესთან, მათ შორის რუსეთთან, ნორმალიზებული ურთიერთობა გვჭირდება. ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ქართული და ევროპული გზა ჰქვია, არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, მათ შორის არც რუსეთის წინააღმდეგ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე, განაცხადა, რომ ქართველ ხალხს უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება სურს. 

„გვინდა მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის ძლიერ ევროპულ ქვეყნად ტრანსფორმირება. ეს ქართული სახელმწიფოს სუვერენული ქვეყნის არჩევანია. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია თუ რა მიმართულებით ივლის. ჩვენ უკვე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და გვინდა გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი“,-განაცხადა პრემიერმა. 

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი ტერიტორიების დათმობის ხარჯზე კომპრომისზე არ წავა. 

„ერთის მხრივ, ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც საქმე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, ჩვენ კომპრომისზე არ წავალთ“,-განაცხადა პრემიერმა.

No comments:

Post a Comment