პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ საბოლოო შედეგები ჯერ არ არის, სოფლის მეურნეობაში უკვე ძალიან სერიოზული წინსვლა ფიქსირდება.
ღარიბაშვილის განცხადებით, ერთ-ორ წელიწადში საქართველოში იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები მთლიანად შიდა წარმოებით ჩანაცვლდება.
ამასთან, პრემიერის განცხადებით, უნდა შეიქმნას ისეთი ელემენტარული საწარმოები, რომლებიც თუნდაც ბოთლს ან ასანთს აწარმოებენ.
ამის შესახებ მან სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“-ს ერთი წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა.
„სოფლის მეურნეობაში ჩვენ ძალიან სერიოზული წინსვლა გვაქვს. წლის ბოლოს საბოლოო შედეგები გვექნება, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან სერიოზული შედეგები გამოიკვეთა. ერთ-ორ წელიწადში ჩვენ რეალურად შევძლებთ, იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები მთლიანად ჩავანაცვლოთ. რა გვიდგას წინ, რომ თუნდაც ქვეყანაში არ არის ასანთის წარმოება, რაც ელემენტარულია - ამას 20 კვ. მეტრის საწარმოს დადგმა სჭირდება. რა გვიდგას წინ, რომ ქვეყანას, რომელიც მილიონობით ბოთლ წყალს აწარმოებს, ბოთლი სხვა სახელმწიფოდან შემოაქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის განცხადებითვე, პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში სულ 90 სამეწარმეო პროექტი განხორციელდა, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 250 მლნ ლარს შეადგენს.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას კომერციულ ბანკებს, რომლებიც პროექტების დაფინანსებაში იყვნენ ჩართულები, მადლობა გადაუხადა.
„რაც შეეხება, აწარმოე საქართველოს, 90 პროექტი განხორციელდა, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 250 მილიონ ლარს შეადგენს. მინდა კომერციულ ბანკებს მადლობა გადავუხადო. რომ არა ამ პროექტებში მათი ჩართულობა, ეს პროექტები ვერ დაფინანსდებოდა. მათი მეშვეობით უკვე 122 მლნ ლარია გაცემული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
No comments:
Post a Comment