მეწარმეობის განვითარების სააგენტომ პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან "ბბ კომპანი", რომლის ძირითად საწარმოო მიმართულებასაც ყავის წარმოება წარმოადგენს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, კომპანიაზე ახალი საწარმოს გახსნის მიზნით, 1,000,000 აშშ დოლარის სესხის გაცემა უზრუნველყო სს "საქართველოს ბანკმა", ხოლო მეწარმეობის განვითარების სააგენტო 2 წლის განმავლობაში მოახდენს სესხის მთლიანი საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის თანადაფინანსებას.
სამინისტროს ინფორმაციით, შპს "ბბ კომპანის" აქვს 13-წლიანი გამოცდილება ყავის რეალიზაციაში, რომელიც ადგილობრივ ბაზარს უმაღლესი ხარისხის ყავის მარცვალს მიაწვდის. ამასთან, კომპანია უზრუნველყოფს დაასაქმოს 20-მდე ადამიანი და ქართული ბაზრის მნიშვნელოვანი წილი დაიკავოს. სამომავლოდ წარმოებული პროდუქციის ექსპორტს აზერბაიჯანში განახორციელებს.
ახალი საწარმო 6 თვეში ამოქმედდება. ჯამში კომპანია 1,800,000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული საწარმო მცხეთა-თიანეთის რეგიონში, სოფელ ნატახტარში მდებარეობს.
სამინისტროს ინფორმაციით, "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და ფიზიკური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის კომპონენტით უკვე სარგებლობს 74 ბენეფიციარი და დაწყებულია შესაბამისი პროექტების განხორციელება. პროექტების ჯამური მოსალოდნელი ინვესტიცია დაახლოებით 121, 210, 000 აშშ დოლარია.
No comments:
Post a Comment