ქართული ბანკების არასოლიდარული დამოკიდებულება საკუთარი კლიენტებისა და ზოგადად საზოგადოების მიმართ განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამოჩნდა, როცა ეროვნულმა ბანკმა კერძო ბანკებს თანაგრძნობისკენ მოუწოდა და დოლარში სესხის მქონე კლიენტებისთვის პირობების შემსუბუქება დაავალა.
სხვა ქვეყნების მაგალითზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიზისის ან სხვა რთული ვითარების დროს შეღავათების ინიციატივით კერძო ბანკები თავად გამოდიან და მათ სოციალური პასუხისმგებლობისკენ სახელმწიფოს მხრიდან მითითებები არ ჭირდებათ. სამწუხაროა, რომ საქართველოს შემთხვევაში ასე არ მოხდა, მაგრამ უფრო სამწუხაროა ქართული ბანკების რეაქცია გიორგი ქადაგიძის დავალებაზე. 20 ბანკიდან მხოლოდ ორმა გადაწყვიტა შეღავათების დაწესება, თუმცა ისეთი ფორმით, რომ საეჭვოა ვინმეს შეუმსუბუქოს მდგომარეობა.
ქვეყნის წამყვანმა, "საქართველოს ბანკმა" განაცხადა, რომ სესხების რესტრუქტურიზაციას გეგმავს მხოლოდ კარგი საკრედიტო ისტორიის მქონე კლიენტებისთვის, ხოლო ცუდი ისტორიის მქონე პირების საკითხს ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილავს. ანუ კლიენტების მდგომარეობის შემსუბუქება დაარქვა ნაბიჯს, რომელსაც, ნებისმიერი ბანკი ჩვეულებრივ პირობებში უნდა დგამდეს.
"თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმაც სესხების გადახდის გრაფიკის გახანგრძლივების შესახებ ისაუბრა და არცერთ მათგანს კლიენტებისთვის სასარგებლო და რეალურად შეღავათის მიმცემი გეგმა არ წარმოუდგენია, მაგალითად, არც საპროცენტო განაკვეთის შემცირება, ან დროებით ბანკის პროცენტის გადახდისაგან გათავისუფლება, როგორც ეს უკრაინულმა ბანკებმა გააკეთეს.
ქვეყანაში სავალუტო კრიზის დროს კერძო ბანკები ვალდებულები არიან სოციალური პასუხისმგებლობა მათაც გაიზიარონ, მით უმეტეს, რომ მსგავს პერიოდში კერძო ბანკების მოგება საგრძნობლად იზრდება. ამას ერთერთი ფინანსური ინსტიტუტის, ,,რიკო კრედიტის“ დამფუძნებელი ლაშა ნიკოლაიშვილი თავად აღიარებს, რომ ვალუტის კონვერტაციით 1 თვეში 5 მილიონიანი მოგებაზე გავიდნენ.
“დღესდღეობით ყველაზე მოგებულები, სამწუხაროდ, ვართ ჩვენ, ფინანსური ინსტიტუტები. ჩვენ მივიღეთ კოლოსალური მოგებები, კურსის დევალვაციის გამო. გამომდინარე იქედან, რომ როდესაც სესხები გაცემულია დოლარში, ხალხს უწევს გაცილებით მეტი ლარის გადახდა,“ - აცხადებს ნიკოლაიშვილი.
ლარის გაუფასურების შედეგად საბანკო სექტორის მიერ ათეულობით მილიონის მოგება დასტურდება ოფიციალური მონაცემებითაც. კერძოდ, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა 2014 წელს უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვით 117 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს. 2014 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ბანკების საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებული წმინდა მოგება დაახლოებით 400%-ით არის გაზრდილი. ეს პროცესი ემთხვევა რყევებს სავალუტო ბაზარზე.
ლარის გაუფასურების დროს ბანკების მოგების გაზრდაზე საუბრობს ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაც“.
მისი ხელმძღვანელის, ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, ბანკების მოგება გაიზარდა მაშინ, როცა მოხდა ლარის გაუფასურება.
ჭიჭინაძის თქმით, ბანკები ამ შემთხვევაში უკანონოდ არ მოქმედებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გზით ძალიან დიდ შემოსავალს იღებენ – 2014 წლის მთელი მოგების მეოთხედი არის სწორედ უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვით მიღებული.
რატომ არ გააჩნიათ სოციალური პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის განცდა ქართულ საბანკო სექტორს, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მათი მოგება მათივე კლიენტურის მდგომარეობის დამძიმების ხარჯზე იზრდება და მაშინ, როცა სხვა ქვეყნის მაგალითების გაანალიზებისას ქართული რეალობა სამარცხვინო ხდება.
უკრაინაში, სადაც ბევრად მძიმე სავალუტო კრიზისია, ბანკებმა კლიენტებს გაცილებით მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზეს - მათ მიიღეს გადაწყვეტილება, კლიენტებს დავალიანების 40% ჩამოაწერონ დეპოზიტის ხარჯზე ან სულაც „საკრედიტო არდადეგები“ გამოაცხადონ, რაც იმას ნიშნავს, რომ კლიენტი იხდის კრედიტის მხოლოდ „ძირს,“ პროცენტის გადახდა კი გადავადდება, მაგალითად, ნახევარი წლით. ბანკირები ასევე სთავაზობენ კლიენტებს, სავალუტო ვალდებულებები გრივნაში გადაიტანონ მიმდინარე კურსით, თუმცა შეინარჩუნონ დაბალი საპროცენტო განაკვეთი, მაგალითად 10%. ამასთან, კრედიტის 60%-ის ერთიანად დაფარვის შემთხვევაში მსესხებელი დანარჩენი 40%-ის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება.
კიდევ ერთი უკრაინული მაგალითი - „პრივატბანკმა“ დავალიანება ჩამოაწერა საომარ მოქმედებებში დაღუპული მეომრების ოჯახებს.
უპრეცენდენტო სოლიდარობა გამოხატეს იაპონურმა ბანკებმა, როცა ცუნამის დროს დაზარალებულ მოსახლეობას ყოველგვარი პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე აძლევდნენ თანხას.
2012 წელს კი ესპანურმა ბანკებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იპოთეკის გადაუხდელობის გამო ორი წლის განმავლობაში კლიენტები საცხოვრებლებიდან არ გამოესახლებინათ.
ეს ნაბიჯი ასოციაციამ მას შემდეგ გადადგა, რაც ესპანელი ქალბატონი ამაია ეგანი, რომელსაც პრობლემური იპოთეკური სესხი ქონდა საკუთარი ბინის აივნიდან გადმოხტა.
ბანკების ასოციაციის გადაწყვეტილების მიღებამდე, რამდენიმე ბანკმა განცხადება გააკეთა, რომ წყვეტდა მოვალეების ბინებიდან გამოსახლების პროცესს, სანამ არ მიიღებდნენ იპოთეკური კრედიტის გაცემის ახალ პირობებს.
საქართველოში კი კომერციული ბანკები აგვისტოს ომში დევნილადქცეული მოსახლეობისგან ომამდე აღებული კრედიტების დაფარვას და მასზე დარიცხული სოლიდური ჯარიმების გადახდას ითხოვდნენ.
მიმდინარე სავალუტო კრიზისმაც აჩვენა, რომ ქართული საბანკო სექტორისთვის სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ მცირემასშტაბის, ისიც საკუთარი „პიარისკენ“ მიმართული, ფორმალური აქციებით შემოიფარგლება, და არ ითვალისწინებს იმ რეალურ საჭიროებებს, რომელთა წინაშეც მათი კლიენტები კრიზისის დროს დგანან.
სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი სულაც არ გულისხმობს მხოლოდ მორალური მოტივებით გადაწყვეტილების მიღებას, ასეთ ვითარებაში ვლინდება საბანკო სისტემის პროფესიონალური მიდგომები, რადგან ეს პროცესი სწორედაც რომ ბიზნესის შემადგენელი ნაწილია და საბანკო ბიზნესი მხოლოდ ფინანსური პროცენტების თვლას არ გულისხმობს. სამწუხაროა, რომ ქართულ საბანკო სისტემაში სოციალურ პასუხიმგებლობასთან ერთად პროფესიონალური მიდგომების დეფიციტიც გამოვლინდა.
No comments:
Post a Comment