12 March 2015

საუნივერსიტეტო კლინიკა სამეგრელოში 2017 წელს გაიხსნება

სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში საუნივერსიტეტო კლინიკა 2017 წელს გაიხსნება. ამ ეტაპზე შენობის შვიდივე ბლოკის საძირკველი ჩასხმულია, ასევე მზადაა ჭაბურღილი, რომლითაც საავადმყოფო და დანარჩენი შენობები წყლით მომარაგდება.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამჟამად, მშენებლობაზე 50-მდე ადამიანი მუშაობს, ყველა-ადგილობრივი, დასაქმებულია ახლომდებარე დევნილთა კორპუსში მაცხოვრებელი 4 ადამიანიც. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, რუხის საავადმყოფოში 600 ადამიანი დასაქმდება.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ 220-ადგილიან მრავალპროფილიან საუნივერსიტეტო საავადმყოფოს რუხში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აშენებს. კლინიკის ამოქმედების შემდეგ, რუხის, მისი მიმდებარე სოფლების და აფხაზეთის მცხოვრებნი სამედიცინო დახმარებით ისარგებლებენ. გარდა ამისა, კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებითვის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, აუზები და სკვერები. რეზიდენტების, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის აშენდება საერთო საცხოვრებელი.
კლინიკა სულ 14000 მცხოვრებს მოემსახურება, რომლებსაც სამედიცინო დახმარების მისაღებად, ზუგდიდში აღარ მოუწევს ჩასვლა. მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, მთლიანობაში, 41 მილიონ 264 ათასი ლარი ჯდება.
სამუშაოებს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს. სამეგრელოში საავადმყოფოს აშენება კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო.

No comments:

Post a Comment