19 February 2015

მიმდინარე წელს, ბათუმში მიწისქვეშა ურნები დამონტაჟდება

მიმდინარე წელს ბათუმში მიწისქვეშა ურნები დამონტაჟდება. ნაგავშემკრები კონტეინერების დამონტაჟება ზღვისპირა ქალაქის გარეუბნებიდან დაიწყება, სამომავლოდ კი ურნების შეცვლა ქალაქის ცენტრშიც იგეგმება.

ცნობილია, რომ აღნიშნული ნაგვის ურნები გერმანული ტექნოლოგიითაა დამზადებული და თურქეთშია წარმოებული.
 როგორც „კომერსანტს" ბათუმის მერიაში განუცხადეს, 50 ერთეული მიწისქვეშა კონტეინერი ქალაქის მერიის დაქვემდებარებაში მყოფმა კომპანიამ „სანდასუფთავება" შეიძინა. ამისათვის დაახლოებით 300 ათასი ლარი დაიხარჯა.

მერიაში განმარტავენ, რომ ამჟამად მიწისქვეშა ნაგვის ურნების დამონტაჟების მიზნით გამოცხადებულია ტენდერი და შესაბამისად, სამუშაოები გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ დაიწყება. მათივე ინფორმაციით, სამონტაჟო სამუშაოებისთვის 65 ათასი ლარია განსაზღვრული.

„კომერსანტთან" საუბრისას ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მიწისქვეშა ნაგვის ურნები თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული ტექნოლოგიაა.

No comments:

Post a Comment