26 January 2015

მთავრობა სერიოზულად ემზადება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა სერიოზულად ემზადება მიმდინარე წლის მაისში რიგაში დაგეგმილი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის. 
"ჩვენი ამოცანაა, რომ სამიტზე წარვდგეთ კონკრეტული შედეგებით და, როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორმა, ვაჩვენოთ წარმატების მაგალითი. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა მზადაა გაააქტიუროს ძალისხმევა ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებისა და რიგის სამიტისთვის კონკრეტული შედეგების დემონსტრირებისათვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლიტვას ნატოს უელსის სამიტზე მიღებული "არსებითი პაკეტის" განხორციელების პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის.
"ვფიქრობთ, რომ ლიტვისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით უახლოეს მომავალში მივაღწევთ ჩვენს საბოლოო მიზანს - ალიანსში გაწევრიანებას. შეხვედრის დროს ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რეგიონში არსებულგამოწვევებს. კერძოდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებსა და მოსკოვს შორის ე.წ. "შეთანხმებების" გაფორმებას, რაც მიმართულია საქართველოს ამ რეგიონების ანექსიისაკენ და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას. რეგიონში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ჩვენთვის დღეს, ისე როგორც არასდროს, გადამწყვეტია ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა", - განაცხდა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

No comments:

Post a Comment