04 July 2014

ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა

ძვირფასო მეგობრებო!
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურის თარიღი გამოაცხადა. 12 ივლისი იქნება ის დღე, როდესაც პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
12 ივლისს ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის კიდევ ერთი გამოცდა უნდა ჩააბაროს. ჩვენ უნდა ჩავატაროთ თავისუფალი და გამჭვირვალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური და ვაჩვენოთ, რომ საქართველოში დემოკრატიული განვითარება შეუქცევადია.
მოგიწოდებთ ყველას, იაქტიუროთ, მოიხადოთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი და მიიღოთ მონაწილოება არჩევნების მეორე ტურში. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ კიდევ ერთხელ გამოხატოთ თქვენი ნება და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი კანდიდატი.
იცოდეთ, თითოეული თქვენი ხმა იქნება დაცული და თავისუფალი არჩევანი - გარანტირებული. ჩვენ არა გვაქვს უფლება მოვდუნდეთ, ვიყოთ პასიური იმ იმედით, რომ არჩევნები უჩვენოდაც ჩატარდება. დღეს არა გვაქვს უფლება გულგრილი დავრჩეთ პროცესებისადმი! იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანის ხმა მნიშვნელოვანია! იცოდეთ, თქვენი ხმა იგებს და თქვენი ხმა გადამწყვეტია!
2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მეორე ტური გაიმართება 8 თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, გორში, მცხეთაში, ოზურგეთსა და თელავში, და 13 თვითმმართველ თემში - ახმეტაში, ყვარელში, გორში, თიანეთში, მარტვილში, ქობულეთში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულში, ლანჩხუთში, თერჯოლში, თელავსა და ხულოში.
მოიხადეთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი, მიიღეთ მონაწილეობა მეორე ტურში იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი

No comments:

Post a Comment