24 June 2014

„შესაძლებელია, რომ ივანიშვილი დაბრუნდეს“

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, იმისთვის, რომ სასამართლო „ნაცმოძრაობის“ გავლენისგან ბოლომდე გათავისუფლდეს, კოტე კუბლაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებაა საჭირო. 

„ჩვენ რომ წავსულიყავით იმ გზით, რა გზითაც სააკაშვილის რეჟიმი წავიდა, ესენი აღარ იქნებოდნენ. ლადო ჭანტურია, რომელიც ძალიან კარგი იურისტი იყო და ძალიან კარგი მოსამართლე, ამ ადამიანებმა აიძულეს, გერმანიაში წასულიყო. დააწერინეს განცხადება და გაუშვეს. ჩვენც რომ ასე გაგვეკეთებინა, ძალიან დიდ კრიტიკას გამოიწვევდა დასავლელი პარტიორების მხრიდან. ვაღიარებთ, ჩვენ გვინდა ევროპულ ოჯახში შესვლა, ჩვენ გვინდა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. თუ ჩვენ იგივე მეთოდებით ვივლით, მაშინ არაფერი გამოვა. გაიხსენეთ, როგორ პანტაპუნტით გამოყარეს „ნაციონალებმა“ მოსამართლეები, ზოგს უთხრეს, თუ არ წახვალთ, დაგიჭერთო, ზოგს უთხრეს, რასაც აქ იღებდით, იმდენს დაგინიშნავთ ხელფასს, ოღონდ წადითო. ისინი ვაჭრობდნენ, ჩვენ ნამდვილად არ გვინდოდა ამ მეთოდების გამოყენება... მე ერთი რამ ძლიან კარგად ვიცი, ნამდვილად არ მიღირს არანაირი თანამდებობა იმად, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მივიღო  და იმ ავადსახსენებელ ერთსქესიანთა ქორწინებას დავუჭირო მხარი. არც მე და არც ჩვენი დეპუტაცია ამას არასოდეს დავუჭერთ მხარს. ასეთივეა პრემიერ-მინისტრის განწყობაც. კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ახლა შეიძლება გვისაყვედურონ, კონსტიტუციაში ეს აქამდე რატომ არ ჩაწერეთო? კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა მარტივი არ არის, ამას სჭირდება ხმების სამი მეოთხედი, ამას სჭირდება ორი სესია და ა.შ. საკონსტიტუციო კომისია შექმნილია და სხვათა შორის, იმ ჯგუფს, რომელიც ადამიანის უფლებებზე მუშაობს, მე ვხელმძღვანელობ. გპირდებით, რომ კონსტიტუციაში საჭირო ჩანაწერები აუცილებლად იქნება. ვისარგებლებ შემთხვევით და იმ ადამიანებს მივმართავ, რომლებიც არჩევნებზე არ მივიდნენ: ჩვენ ეს ეტაპიც უნდა დავასრულოთ ღირსეულად, გავისტუმროთ „ნაციონალური მოძრაობა“ და დავუსვათ წერტილი მითს, თითქოს ის არის ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა... მე არ მაქვს ინფორმაცია, რა საუბარი შედგა ბატონ ბიძინასა და პატრიქრს შორის, როცა ბატონი ბიძინა გადადგა, ისიც თქვა, თუ საჭირო იქნება, დავბრუნდებიო. ამ ეტაპზე მის გეგმებზე ვერაფერს გეტყვით... შესაძლებლად რატომ არ უნდა მიმაჩნდეს რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს? კი, მიმაჩნია, რომ შეიძლება ივანიშვილი დაბრუნდეს“ - განუცხადა მანანა კობახიძემ „ქრონიკას“.

No comments:

Post a Comment