19 June 2014

უსუფაშვილი - ეს იყო ისეთი შედეგი, რომელიც საქართველოში დიდი ხანია აღარ ყოფილა

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები იყო ისეთი, როგორიც საქართველოში დიდი ხანია აღარ ყოფილა. 
როგორც მან არჩევნების შედეგების კომენტირებისას ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მსგავსი ტიპის თავისუფლება, როგორც პოლიტიკოსების, ისე ამომრჩევლის ნების გამოვლენის თვალსაზრისით, კარგა ხანია არ დაფიქსირებულა. 
მისი თქმით, არჩევნები ჯერ არ დასრულებულა, რადგან 20-მდე რაიონსა და ქალაქში მეორე ტური გაიმართება და მოქალაქეები საკუთარ მერებსა და გამგებლებს მეორე ტურში გამოავლენენ.
„ეს არის ჩვენი საერთო წარმატება. საქართველოს პარლამენტს აქვს მნიშვნელოვანი წვლილი ამ საკითხში - ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებისა და საარჩევნო კანონის დახვეწის ფორმით, მაგრამ აშკარაა ისიც, რომ მუშაობა კვლავ ბევრი მიმართულებით გვჭირდება, რათა გავაძლიეროთ სახელმწიფოს ფუნდამენტი - თვითმმართველობა, როგორც სისტემის, ასევე, საარჩევნო მოდელების თვალსაზრისით“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართა. იმის გამო, რომ რვა თვითმმართველ ქალაქსა და 11 მუნიციპალიტეტში ვერც ერთი პარტიის კანდიდატმა კანონით დადგენილი 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. 

No comments:

Post a Comment