22 May 2015

ევროპის საინვესტიციო ბანკი აგროსექტორს დააფინანსებს

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოში ახალ პროექტს იწყებს. საქართველოს ბაღები – ასე ეწოდება პროექტს, რომელიც, საქართველოს აგრო-სექტორის დაფინანსებას ითვალისწინებს. შესაბამის დოკუმენტს ხელი, რიგირს სამიტის წინ მოეწერა. როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია საუბრისას აცხადებს, ბანკი სხვადასხვა ფონდების დაფინანსებას შეუწყობს ხელს.
"დეკლარაცია ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის დარგში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ფონდების დაფინანსების ხელშეწყობას. ეს გახლავთ ახალი პროექტი, რომელსაც ეწოდება საქართველოს ბაღები. ნამდვილად მიღწევაა, რომ ეს პროექტი ხორციელდება, მითუმეტეს რიგის სამიტის პარალელურად მოვაწერეთ ხელი. სულ რაღაც 2-3 კვირის წინ გვქონდა საუბარი აღნიშნულ პროექტზე, როდესაც ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული ოფისი გაიხსნა თბილისში. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოეწერა. წლის ბოლომდე უკვე დაკონკრეტდება მიმართულებები თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს პროექტი. ეს იქნება საქართველოს აგრო-სექტორის დაფინანსება", – განაცხადა მინისტრმა. 
რიგირს სამიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპის სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებთან, ოთარ დანელიას განცხადებით, უცხოელი ინვესტორის მხრიდან საქართველოს მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალია, რის მიზეზადაც ძლიერი საბანკო სექტორი და კარგი რეპუტაცია სახელდება. 
"საქართველოს ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს, ძალიან ძლიერი საბანკო სექტორი გვაქვს და ყველა პირობაა იმისთვის რომ უცხოელებმა საქართველოში ინვესტიცია განახორციელონ – გადაჭარბების გარეშე ვამბობ ამას. პანელის ფარგლებში საქართველოს მაგალითი ძალიან ბევრმა მოიყვანა. საქართველოს მაგალითი არის წარმატების ისტორია", – განაცხადა მინისტრმა. 

No comments:

Post a Comment