ეს იდეა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძეს ეკუთვნის. ჩუღურეთის რაიონში, ნიკო ფიროსმანის ქუჩის აღდგენა–რეაბილიტაციის კონცეფცია კი, მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილმა თბილისის საკრებულოში არაფორმალურ შეხვედრაზე დეპუტატებს წარუდგინა.
„მსგავს კონცეფციებზე მუშაობა ჩვენი ერთ–ერთი მიმართულებაა. უკვე მომზადებული გვქონდა ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციის კონკრეტული პროგრამა. როდესაც ქალბატონი რიმას სურვილი მოვისმინე, დავუკავშირდი მას და გამოვთქვი ჩვენი ჯგუფის სურვილი, რომ ეს პროგრამა მათ სრულიად უსასყიდლოდ გადავცეთ“, – განაცხადა როსტომაშვილმა.
მისივე თქმით, ფიროსმანის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიისთვის ობიექტური ფუნქციის მინიჭება აუცილებელია. ფიროსმანი ქალაქის სარკინიგზო სადგურის ტერიტორიასთან მდებარეობს და ერთ–ერთი ყველაზე ხალხმრავალი და აქტიური ზონაა.
„ჩვენი სურვილია ხალხის ნაკადი მივმართოთ ამ ტერიტორიისკენ, რაც შემდგომ, საზოგადოებრივი ობიექტებისა და საცხოვრებელი შენობების კაპიტალიზაციის მაპროვოცირებელი იქნება“, – ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
მისი ინფორმაციით, ტერიტორია შარდენის ქუჩის ანალოგი იქნება და იქ განსათავსებელი გასართობი თუ კულტურული ობიექტების შექმნა უკვე ინვესტორებზე იქნება დამოკიდებული.
„მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც სტადიონზე მატჩი იმართება და ბევრი ხალხია, იქ მაშინვე ჩნდებიან მზესუმზირის გამყიდველები. ამ შემთხვევაშიც ასეა – თუ ჩვენ მოვახერხებთ და ხალხის ნაკადს მივმართავთ ფიროსმანის ქუჩისკენ, ამ ტერიტორიით ბიზნესი აუცილებლად დაინტერესდება და გამოთქვამს ობიექტების გაკეთების სურვილს. ამ ადგილს ნამდვილად აქვს ბევრი ხალხის მიზიდვის რესურსი“, – მიიჩნევს როსტომაშვილი.
მისი თქმით, ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ, ეს ადგილი ტურისტებისთვის ერთ–ერთ ყველაზე საინტერესო და სასურველ ქუჩად იქცევა.
„ვფიქრობ, როგორც დაინტერესდნენ იგივე შარდენის ქუჩით, ასევე დაინტერესდებიან ფიროსმანითაც. თბილისში აშკარა დეფიციტია ასეთი საზოგადოებრივი ცენტრების. ჩემი აზრით, საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქცია, შარდენზე მეტად ფიროსმანის ქუჩას ეკუთვნის“, – ამბობს ირაკლი როსტომავილი.
მისი აზრით, ეს პროექტი ფიროსმანის ქუჩის მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ მათი საცხოვრებელი ზონა განვითარდება, ტერიტორიით ბიზნესმენები დაინტერესდებიან და ქუჩა საზოგადოებრივ ცენტრად ჩამოყალიბდება.
თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით, ამ ამბავს განსაკუთრებული აჟიოტაჟი არ უნდა მოჰყვეს, რადგან არ დაზარალდეს ამ ქუჩის მოსახლეობა, რომლებსაც წლების მანძილზე გამუდმებით ჰპირდებიან იქ არსებული ვითარების გამოსწორებას.
როსტომაშვილის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარემ უკვე დაავალა არქიტექტურულ სამსახურს, რომ შეისწავლონ და აღიწეროს ეს ზონა. რომ გავიგოთ, რამდენი ოჯახი ცხოვრობს და როგორი დემოგრაფიული მდგომარეობაა, რათა შემდგომში უკვე მომდევნო ნაბიჯები გადაიდგას პროექტის განსახორციელებლად.
No comments:
Post a Comment