27 February 2015

რატომ ენდობიან კომერციული ბანკები ლარს მეტად, ვიდრე ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი კომერციული ბანკებისა და სავალუტო ჯიხურების მაჩვენებლებისგან გასხვავდება. დღეს ერთი დოლარის ფასი ეროვნული გაცვლითი კურსით, 2,24 ლარია. კომერციულ ბანკებში კი დოლარის ფასი გაცილებით ნაკლებია. 2,16 ლარად არის შესაძლებელი 1 დოლარის შეძენა თი-ბი-სი ბანკში. 2,18 ლარი ღირს ერთი დოლარი საქართველოს ბანკსა და ლიბერთი ბანკში. 

საპირისპირო სიტუაცია იყო გასული კვირის განმავლობაში. მაგალითისთვის, 24 თებერვალს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი 2,19 ლარს შეადგენდა, კომერციულ ბანკებში კი მისი ფასი 2,34 ლარი იყო. ამავე დღეს კი ბანკთაშორის ვაჭრობის დასრულების შემდეგ, ეროვნული ვალუტა ერთბაშად 0,7 პუნქტით გაუფასურდა. 2,19-დან ლარის კურსი 24 თებერვალს 2,26-მდე შეიცვალა.
კომერციულ და ეროვნული ბანკის ვალუტებს შორის არსებულ განსხვავებაზე დღეს კომენტარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემაც გააკეთა. მისი თქმით, ეროვნული კურსის კომერციულისგან აჟიოტაჟური სიტოაციის გამო განსხვავდება.
"აჟიოტაჟური სიტუაციის ყველაზე კარგი ინდიკატორი არის ის, რომ ეროვნული კურსი განსხვავდება კომერციულისგან. ეს არის ბუნებრივი რეაქცია ბაზრის მონაწილეების მხრიდან, რადგან მათ არ უნდათ რომ იზარალონ. კურსის პროგნოზი არ არის ჩვენი მანდატი. არ ველოდებით, რომ სიტოაცია გაუარესებისკენ წავა", - გიორგი ქადაგიძე.
საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს. გაცვლითი კურსი განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის. ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარი ორგანიზებულია ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში, რომლის საშუალებითაც ხდება ვალუტებით ვაჭრობის გარიგებების დადება. აღნიშნულ ბაზარზე მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში ლიცენზირებულ ყველა კომერციულ ბანკსა და უცხოური ბანკების ფილიალებს, რომლებსაც, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული აქვთ მონაწილე ბანკის სტატუსი.

No comments:

Post a Comment