ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით რუსთავში ღონისძიებები გაიმართა. საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, კახაბერ გუგეშაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა "დიდების ხეივანში" არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
რუსთავის მერიის ორგანიზებით "დიდების ხეივანში", გმირთა მეომორიალთან რუსთავის კამერული ორკესტრისა და ანსამბლ "მე რუსთველის" მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე რუსთაველ ვეტერანებს, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალური მედლები, პრემიერ მინისტრის მილოცვის წერილი და საჩუქრები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.
"ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის მშვიდობისათვის იბრძოდნენ, რადგან რეალური საფრთხე არსებობდა იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომი საქართველოს ტერიტორიაზეც გაჩაღდებოდა. ფაშიზმზე გმარჯვების 70 წლისთავს ავღნიშნავთ. საწუხაროდ, ჩვენს ქალაქს ყოველწლიურად აკლდებიან ვეტერანები. გვინდოდა მათთვის პატარა ზეიმი მოგვეწყო და გაგველამაზებინა დღე, რომელიც მათთვის ძალზედ მნიშვნელოვანია", - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.
მოგვიანებით, ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელმა პირებმა მეორე მსოფლიო ომის უხუცესი მონაწილე, 105 წლის იოსებ დულარიძე, ასევე, გალაქტიონ დოლიძე, მირანდა ჩიქოვანი და ბონდო მანჯგალაძე, ისინი, ვინც ავადმყოფობის გამო გმირთა მემორიალთან მისვლა ვერ შეძლო, ოჯახებში მოინახულეს და სადღესასწაულო საჩუქრები და მედლები გადასცეს.
ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით 33-მა რუსთაველმა ვეტერანმა სპეციალური მედლის, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის გარდა, ქალაქის მერიისგან სხვა საჩუქრები და თანხაც მიიღო.
No comments:
Post a Comment