ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "თბილისი მერიოტში" მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციიდან გამოსვლისას, ჟურნელისტებისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.
„2014 წელს საქართველოს ეკონომიკა იყო ყველაზე მზარდი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს ევროპაში", - აცხადებს ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ ეს არის საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასება.
" თუ არ გჯერათ ჩემი შეფასების, ყველა საერთაშორისო შეფასება სინჯეთ და ნახეთ. დღესაც კი როდესაც ლარი განიცდის დევალვაციას, რაც რა თქმა უნდა ხიფათს შეიცავს ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის, ამ შემთხვევაშიც სწორი ანალიზი უნდა გაკეთდეს, რა არის რეალური მიზეზები", - აცხადებს ივანიშვილი.
მისივე თქმით, მთავრობას არ აქვს ყველაფრის შესაძლებლობა, მას არ შეუძლია რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ან საწვავის ფასებზე გავლენა იქონიოს.
ყოფილმა პრემიერმა კონფერენციაში მონაწილე ექსპერტებს მოუწოდა, რომ „ყოველგვარი პოზიციისა და ოპოზიციის“, ასევე ყოველგვარი სპეკულაციის გარეშე გამოიტანონ დასკვნა, როგორ განვითარდეს ქვეყანა.
„ჩვენ დემოკრატიულ საფუძვლებზე შეგვიძლია ეკონომიკა უფრო სწრაფი ტემპებით განვავითაროთ,“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, რეგიონალურმა პრობლემებმა გავლენა იქონია ქართულ ეკონომიკაზე და ეს ყველაფერი საჭიროებს სწორ ანალიზს.
„რა არის რეალური მიზეზები, სწორი ანალიზი უნდა გაკეთდეს. მთავრობას არ აქვს ყველაფრის შესაძლებლობა. ისაუბრეთ შიდა პროცესებზე, რა უნდა გაეკეთებინათ და ვერ გააკეთეს. საგანგაშო ნამდვილად არაფერია თუმცა უკეთესის სურვილი ჩნდება,“ – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი დასრულდება და საზოგადოება ნახავს, რომ გვექნება არნახული ეკონომიკური ზრდის ტემპები.
ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი გააკეთა თავისსავე განცხადებაზე, რომლის თანახმად, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან მესამე წელი “ჯიბეზე” უნდა გვეგრძნო.
ექსპრემიერის თქმით, 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა იყო ყველაზე მზარდი ევროპაში და მთელს რეგიონში. დღესაც ლიდერები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკაში არის პრობლემები და სასურველია უკეთესი ტემპები.
“მე როდესაც ვსაუბრობდი, რომ ჯიბეზე ვიგრძნობდით მე ვგულისხმობ და ვგულისხმობდი, რომ შევქმნიდით ამისთვის პირობებს . მეკამათეთ იმაზე თუ რის საფუძველზე შეიძლება განვითარდეს ეკონომიკა და არ გაკეთდა,” - განუცხადა ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერმინისტრმა.
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „მოქალაქის“ და „საზოგადოება 20–30“-ის ორგანიზებით ეკონომიკური კონფერენცია - „საქართველოს ეკონომიკა: მიღწევები და გამოწვევები“ მიმდინარეობს.
No comments:
Post a Comment