09 March 2015

"ცეკავშირის" ყოფილ ტერიტორიაზე ხუთვარსკვლავლავიანი სასტუმრო აშენდება

კიდევ ერთი გადაწყვეტილება პროექტ „პანორამა თბილისის“ სასარგებლოდ - ყოფილი "ცეკავშირის" შენობის ტერიტორიას, მერიამ კოეფიციენტი შეუცვალა, რაც ტერიტორიის მფლობელს მაღალსართულიანი შენობის აგების უფლებას აძლევს. 

უკვე ცნობილია, რომ პროექტის ავტორები ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენებას გეგმავენ.

თბილისის ცენტრში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გვერდით, ტერიტორია მასშტაბური მშენებლობისთვის უკვე მზადაა. „პანორამა თბილისის“ სასარგებლოდ მიღებულ კიდევ ერთ გადაწყვეტილებას ოპონენტები ბიძინა ივანიშვილს უკავშირებენ.

აღნიშნულზე განმარტება მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური კომისიის არც ერთ წევრს არ გაუკეთებია. კომენტარზე უარი განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემაც.

არსებული ინფორმაციით, სასტუმროში 241 ნომერი განთავსდება. იმ შემთხვევაში, თუ მერია ამ ტერიტორიას კოეფიციენტს არ გაუზრდიდა, მაშინ 241–ის ნაცვლად, სასტუმროში 100 ნომერი იქნებოდა.

ის, რომ ამ ტერიტორიის გამოყენება მრავალფუნქციური და მრავალსართულიანი შენობისთვის მიზანშეწონილი არ არის, იმ დასკვნაშიც წერია, რომელიც პროექტის ავტორების დაკვეთით სპეციალისტებმა კვლევის შედეგად მოამზადეს.

„სივრცე არ ჩაითვლება დადებით ფაქტორად მაღალი კლასის სასტუმროსთვის. რუსთაველის N1 შენობის შიდა საცხოვრებელი სივრცის არსებული გეგმარება და ქალაქის მთავარი გამზირისკენ მიმართული ფასადი კარგად შეიძლება იქნეს ადაპტირებული სასტუმროს ფუნქციისთვის“, – ნათქვამია დასკვნაში.

„პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კიდევ ერთი მშენებლობის არქიტექტურის გაცნობის შემდეგ, სპეციალისტები პროექტის ავტორებს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონზე მიუთითებენ. მათი განცხადებით, განმარტებულია, რომ კულტურული მემკვიდრეობის არეალში აკრძალულია საქმიანობა, რომელიც დააზიანებს ან საფრთხეს შეუქმნის ძეგლს.

„სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ როგორც პროექტის ავტორები, არქიტექტორები, ასევე დამკვეთი, სრულიად არ ითვალისწინებს იმ ერთადერთ გასათვალისწინებელ გარემოებას, რასაც თბილისის ისტორიული ნაწილი ჰქვია“, – აცხადებს ორგანიზაცია „ტიფლის ჰამქარის" წარმომადგენელი ცირა ელისაშვილი.

„ეს მთლიანად განაპირობებს ძველი ურბანული ქსოვილის შეცვლას, რაც ძალიან მიუღებელი და წარმოუდგენელია ასეთი მოთხოვნების და ამბიციების არსებობა ცივილიზებულ სამყაროში“, – ამბობს ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძე.

მშენებლობის შესახებ განმარტება არც „პანორამა თბილისის“ პროექტის ავტორებს და არც მის დამფინანსებლებს გაუკეთებიათ.

No comments:

Post a Comment