კერძოდ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ხვალ უშუალოდ გრანტის გამოყოფას მოეწერება ხელი, სადაც უშუალო გრანტის მიმღები ფინანსთა სამინისტროა, ხოლო პროექტის განმახორციელებელი ეკონომიკის სამინისტრო.
რაც შეეხება ბრენდებს, შესყიდვებს და კომპონენტებს, თუ რა მიმართულებით იქნება გრანტი გამოყოფილი, ეს უკვე ხელმოწერის შემდგომ პერიოდში დაზუსტდება, შესაბამისი კვლევის შედეგად, რასაც თავად იაპონური მხარე განახორციელებს.
ამ პროცედურების გავლა, იაპონური მთავრობის მხრიდან „ჯაიკას“ მეშვეობით მოხდება. ანუ "ჯაიკა" თავად ჩაატარებს ტენდერს, აწარმოებს მოლაპარაკებს ა.შ. იაპონური მხარე არ გადმოგვცემს ელექტრომობილებს, თუ არ ეცოდინებათ, ვის მოხმარდება ეს სატრანსპორტო საშუალებები.
ამის გაწერა მიქელაძის თქმით, უმოკლეს ვადაში მოხდება, ხელმოწერის შემდეგ გეგმა–მონახაზისთვის დაახლოებით ერთ თვეში. თუმცა, მისთვის უცნობია იაპონური მხარის პროცედურები რა ვადაში გაიწერება.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი არაა ის, რაც წინა მთავრობის დროს დაიგეგმა, აქ საუბარია ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე, რაც ხელს შეუწყობს ეკოლოგიის გაუმჯობესებას და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წახალისებას.
"ეს პროექტი მუნიციპალიტეტთან ერთად განხორციელდება, გაიწერება, რომ ეს თანხები მუნიციპალურ ტრანსპორტს მოხმარდეს, ანუ ძირითადი მოსარგებლე მოსახლეობა იქნება. ავტობუსები იქნება თუ სამარშრუტო ტაქსები, აქ საუბარი არაა სამთავრობო ავტომობილებზე", – აცხადებს მიქელაძე.
მისივე თქმით, პროექტი 12 თვეში უნდა დასრულდეს, შესაბამისად, ზაფხულამდე კონკრეტული სამიზნე ჯგუფები გაწერილი უნდა იყოს.
No comments:
Post a Comment