"საქართველოს არ აქვს ფუფუნება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზე იფიქროს იმიტომ, რომ ყველაფერი მოკლევადიანია".
პარლამენტის თავმჯდომარემ ატლანტიკურ საბჭოში საჯარო გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ნატოში ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე, რუსეთის ფედერაციისგან მომდინარე საფრთხეებზე და კრიზისის მოკლე ვადებში გადაწყვეტის აუცილებლობაზე.
„ალბათ, იგივე მოხდა ნატოს გაფართოების შემთხვევაშიც, როდესაც საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაეკმაყოფილებინა ყველა სტანდარტი და მოთხოვნა, რომელიც ნატოს აქვს თავისი წევრობის მსურველთათვის. ხანდახან ჩვენ საჭიროზე მეტსაც კი ვაკეთებდით, რაც შესაძლებელი იყო პატარა, პოსტ საბჭოური საზოგადოებისთვის, რომელიც მუდმივი ზეწოლის ქვეშაა ყველა შესაძლებელი მხრიდან. დიახ, ჩვენ მივდიოდით წინ და განვიცდიდით პროგრესს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ იყო საკმარისი, იყო სხვა მიზეზები, რის გამოც ეს პროცესი საკმარისად სწრაფი არ იყო. მჯერა, რომ ამ მომენტში არსებითია, ვისაუბროთ გაკვეთილებზე და მომავალზე, რა შეიძლება უკეთ გავაკეთოთ ამ კრიზისის მოსაგვარებლად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს გადაწყვეტილება გრძელვადიანი და მდგრადია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს არ აქვს ფუფუნება გრძელვადიან პერსპექტივაზე იფიქროს.
„ამ მხრივ, ეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიები ან ქმედებები ძალიან პირობითია, რადგან საქართველოს არ აქვს ფუფუნება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზე იფიქროს იმიტომ, რომ ყველაფერი მოკლევადიანია; შეიძლება ყველაფერი სწრაფად შეიცვალოს, ყველაფერი შეიძლება იყოს გაურკვეველი. სანამ ეს მოვლენები ხდება უკრაინაში და სანამ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და საერთაშორისო ორგანიზაციები ამით არიან დაკავებულნი და სწორადაც არიან დაკავებულნი, რუსეთი მოიწევს საქართველოსკენ“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
No comments:
Post a Comment