19 February 2015

თბილისის მერიაში ტოტალური შემოწმებები იწყება

აუდიტის სამსახური წელს თბილისის მერიის სამსახურებს შეამოწმებს. გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განცხადებით, თბილისის მერიის შემოწმება საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესით არის გამოწვეული.

,,გეგმაში არის მერიის სხვადასხვა სამსახურების შემოწმება. ყურადღება გამახვილდება ავანსების გადარიცხვასა და საკადრო პოლიტიკაზე. ასევე, შესული ვართ თითქმის ყველა სამინისტროში. შემოწმების დასრულების შემდეგ შედეგები ჟურნალისტებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება", - განაცხადა თორდიამ.

კონკრეტულად როდის დაიწყება თბილისის მერიის სამსახურების შემოწმება და რა პერიოდს მოიცავს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. მათივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპეციალური დოკუმენტაციის შესწავლა.

თბილისის მერიაში არ აქვთ ინფორმაცია კონკრეტულად როდის დაიწყებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური შემოწმებას და რა პერიოდს მოიცავს. თუმცა მათივე განცხადებით, თბილისის მერიის სამ სამსახურს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიც შეამოწმებს.

ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების საქმიანობის შემოწმება და ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარდგენა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შიდა აუდიტის სამსახურს მთავრობის გუშინდელ სხდომაზე დაავალა.

„ვინაიდან შიდა აუდიტის სამსახური მექვემდებარება მე, როგორც დედაქალაქის მერს, მინდა დავავალო, დავიწყოთ სამი სამსახურის - ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების საქმიანობის შემოწმება. ძირითადად ეს ეხება დოკუმენტბრუნვას და დავალებების ოპერატიულად შესრულებას. სამსახურები ჩვეულებრივ დადგენილი წესებით და პროცედურებით შემოწმდება."- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, პერიოდულად მერიის სხვა სამსახურებიც შემოწმდება.

No comments:

Post a Comment