19 February 2015

ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში 5 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს

ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში 5 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს. ცნობილი გახდა, რომ მშენებლობა უკვე დასრულებულია და შენობაში შიდა სამუშაოებიც მიმდინარეობს. სასტუმრო 250 ნომრიანია და ის მაღალი კლასის სტუმრებზე იქნება გათვლილი.

ნატანების გამგებელმა, ილია თავაძემ განაცხადა, რომ სასტუმროს მშენებლობა გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო, მისი მოწყობა კი სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. იგი ვარაუდობს, რომ სასტუმროში არა საერთაშორისო, არამედ ადგილობრივი ბრენდი განთავსდება.

მისივე ინფორმაციით, ევროპული, მაღალი კლასის სასტუმრო ივანიშვილისავე დაკვეთით მშენებარე საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. იქვე იგეგმება რაგბის სტადიონისა და გასართობი პარკების, ასევე მსოფლიოს შვიდი საოცრების ანალოგის შექმნა.

ცნობილია, რომ აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად, დაახლოებით მილიარდნახევარი დოლარის დახარჯვაა განსაზღვრული.

სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით, გასული წლის ბოლოს თავად ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ერთ-ერთ გადაცემაში ექსპრემიერმა განაცხადა, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე აკვარიუმის მშენებლობას აპირებს და იქ დიდი ზვიგენების ჩამოყვანასაც გეგმავს.

ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ურეკში მშენებარე საკონცერტო დარბაზი, მიმდინარე წლის 26 მაისს გაიხსნება. მისი გახსნა გრანდიოზული კონცერტით იგეგმება. ცნობილია, რომ დარბაზი 10 ათას მაყურებელს დაიტევს.

აღნიშნული მშენებლობა 2007 წლიდან მიმდინარეობს, მის განსახორციელებლად კი დაახლოებით 200 მილიონი ლარი დაიხარჯა.

No comments:

Post a Comment