19 February 2015

ვაზაგაშვილის სასაფლაოზე სხვა დნმ-ების კვალიც არის აღმოჩენილი

მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე, უკვე დაკავებული ყოფილი პოლიციელის გია სოსანაშვილის გარდა, სხვა ადამიანების დნმ-ის კვალიც არის აღმოჩენლი.

შოთაძის განმარტებით, მათი იდენტიფიცირება ამ დროისთვის არ მომხდარა და ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.

მთავარი პროკურორის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ გამოძიებამ თავიდანვე იცოდა, რომ სასაფლაოზე დნმ-ის კვალი იქნა აღმოჩენილი, უბრალოდ ვისი კვალი იყო, ეს არ იცოდნენ. 

შოთაძის ინფორმაციითვე, დნმ-ის ნიმუშის აღებას ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლებიც ესწრებოდნენ.

„ამ მიმართულებით არაერთი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ჩატარდა. სოსანაშვილამდე დნმ-ის შესაბამისობაზე სხვა მოქალაქეებიც შემოწმდნენ. იმის მტკიცება, რომ რაღაცა დნმ-ის ჩადება მოხდა, უბრალოდ სასაცილოა, იმიტომ რომ დნმ-ის ნიმუშის აღებას ჩვენი გამომძიებლების, კრიმინალისტებისა და ექსპერტების გარდა, იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები ესწრებოდნენ. იმდენი ადამიანი ესწრებოდა ამ პროცედურას, რომ უბრალოდ შეუძლებელია, რომ ვინმემ ეს წარმოიდგინოს. ეს მეცნიერულადაც წარმოუდგენელია“,-განაცხადა შოთაძემ.

იური ვაზაგაშვილი, მიმდინარე წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე მაშინ ააფეთქეს როდესაც მან შვილის საფლავზე ყვავილები მიიტანა. 

მიმდინარე წლის 8 თებერვალს კი მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით, პოლიციის უკვე ყოფილი თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მისი დაკავების საფუძველი ჩატარებული კვლევები გახდა, კერძოდ კი შემთხვევის ადგილზე გია სოსანაშვილის დნმ-ის კვალი იქნა აღმოჩენილი.

No comments:

Post a Comment