პირდაპირი ინვესტიციების ფონდი "სი ვი სი კაპიტალ პარტნერსი", ინვესტიციების მართვის კომპანია "ებეი ასეთ მენეჯმენტი", ევროპული ელექტრო პროვაიდერი ,,არ დაბლიუ ი'', აიტი და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანია ,,ეიჩ სი ელ ტექნოლოჯის'', ქსელური ტექნოლოგიების პროვაიდერი ,,ტეჰმა ჰინდრა'', კორეული მულტინაციონალური კომპანია ,,ჰანფა გრუპი'' და ფრანგული კონგლომერატი, რომელიც სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ნავთობისა და ნედლეულის ბაზრებზე მუშაობს, „ლუის დრეიფუს გრუპი" , - ასე გამოიყურება იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელთა წარმომადგენლებთან ქართულმა დელეგაციამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გამართა.
ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წელს ამ კომპანიების წარმომადგენლებს უკვე საქართველოში უნდა ველოდოთ, რამდენადაც მათმა ნაწილმა ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოსთან ადგილზე გაცნობის სურვილი გამოთქვა.
მათ შორის ფრანგულმა "ლუის დრეიფუსმა'', რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინვესტირების შესაძლებლობებს განიხილავს. ისევე, როგორც შარშან, წელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგული ტელეკომპანია "სი ემ ბი სის" შეკითხვებს უპასუხა - ხომ არ აფრთხობს ინვესტორებს საქართველო რუსეთს შორისარსებული ვითარება და ნამდვილად აქვს თუ არა მას აღებული ევროპული კურსი? რაზეც პრემიერ - მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობამ ინვესტორებს დაანახა, რომ ის არის კონსტრუქციული და პროგნოზირებადი.
"უცხოელი ინვესტორებისთვის ჩვენ შევქმენით სტაბილური, ბიზნესისთვის მეგობრული გარემო. მე მესმის, რომ ზოგიერთ მათგანს შეიძლება ეშინია, მაგრამ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ხედავენ პროგრესს. საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყანაა, მას ახალგაზრდა ლიდერი ჰყავს, მაგრამ ჩვენი მოტივაცია ვიყოთ წარმატებულები მართლაც უზარმაზარია'' - განაცხადა საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ზოგადად წელს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე შარშანდელთან შედარებით პესიმიზმი შეინიშნებოდა, თუმცა ერთადერთი შემაჯამებელ სესიაზე, სადაც ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები განიხილეს, აქცენტები მაინც გლობალური ზრდისთვის მაინც მეტნაკლებად პოზიტიურ სტიმულებზე გააკეთეს, როგორიცაა მაგალითად, ნავთობზე ფასის ვარდნა, სტრუქტურული ცვლილებები ბრაზიალიაში, ჩინეთსა და იაპონიაში, საგრძნობი ეკონომიკური ზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება ე.წ. რაოდენობრივი შერბილების შესახებ, რომლის ფარგლებში 2016 წლის ბოლომდე ცენტრალურმა ბანკმა ბონდების შესყიდვის გზით ფინანსურ ბაზარზე ერთ ტრილიონ ევროზე მეტი უნდა მიმართოს, რათა ევროზონა კრიზისიდან გამოიყვანოს და მის ეკონომკურ ზრდას მისცეს სტიმული.
"დიდი რაოდენობით აქტივების შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ევროპის ცენტრალური ბანკი ვერ გაზრდის პროდუქტიულობას ან დასაქმების დონეს და ვერ წაახალისებს ინვესტიციებს. ჩვენ შეგვიძლია უფრო იაფი გავხადოთ ინვესტირება, მაგრამ ადამიანებს ინვეტიციების განხორციელების სურვილი უნდა ჰქონდეთ. ამას სხვა ტიპის რეფორმები ჭირდება, რაც უკვე მთავრობების ქმედებებზეა დამოკიდებული'', - განმარტა ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა გენუა კერიმ.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის ცვლილება მოიწონა დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმაც, რომელიც მასთან ერთადვე იღებდა მონაწილეობას დისკუსიაში.
როგორც მარკ ტენრიმ აღნიშნა, არსებობს ფინანსურ ბაზრებზე სერიოზული რყევების შესაძლებლობა, რამდენადაც დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში ინვესტორებმა შესაძლოა ზედმეტად სარისკო ნაბიჯები გადადგან.
ერთ - ერთი საინტერესო დისკუსია, რომელიც დავოსში თითქმის ერთკვირიანი ფორუმის მიწურულს გაიმართა მსოფლიოში სიმდიდრის გადანაწილებას და შემოსავლების უთანასწორობას მიეძღვნა. ნავთობის ფასის ვარდნა არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ორ ტრილიონ დოლარამდე ენერგოსუბსიდია მსოფლიოში დამატებითი სამუშაოების ადგილების შექმნას მოხმარდეს.
"გაზრდილი უთანასწორობა შემოსავლებში არ არის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი. ამ ორ ფაქტორს შორის ძლიერი კოლერაციაა. შემოსავლის გადანაწილებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კი გავზრდით ყველაზე ღარიბების შემოსავლის წილს, მივიღებთ გამრავლების ეფექტს ეკონომიკაზე, რასაც ვერ მივაღწევთ იმ შემთხვევაში, თუ კი უმდიდრესების შემოსავლის წილს გავზრდით. ასე, რომ ეს კარგია ეკონომიკისთვის, ეს კარგია მისი ზრდისთვის. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ შემოსავლის გადანაწილების პოლიტიკა ეკონომიკური ზრდისთვის არასახარბიელოა ვფიქრობ, მცდარია''- განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა.
წელს ეკონომიკურ ფორუმს დავოსში 2500 -მდე ბიზნეს ლიდერი დაესწრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ასევე 40 - მდე სახელმწიფოს ლიდერი, მათ შორის საქართველოდანაც. გასული 2 წლის განმავლობაში ქართული დელეგაციების მიერ დავოსში გამართული შეხვედრების შედეგად საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებული კომპანიებიდან ერთ - ერთი ყველაზე მსხვილი ინდური ტა-ტა ჯგუფი იყო, რომელმაც ენერგო სექტორში ინვესტირება გადაწყვიტა.
წყარო: www.commersant.ge
No comments:
Post a Comment