17 June 2014

ბიძინა ივანიშვილი: "ეს არის ჭეშმარიტი და არა მოჩვენებითი დემოკრატია"

ოზურგეთში, ნატანების საარჩევნო უბანზე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ – ეკა ხვედელიძემ კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა.
ივანიშვილის თქმით, ყველაზე მთავარი ის არის, რომ არჩევნები დემოკრატიულად ტარდება.
_ საოცრად მიყვარს გურია, ოზურგეთში იმიტომ ვარ, რომ ჩემი მისამართია ნატანები და შესატყვისად, აქ მივეცით ხმა, _ აღნიშნა ივანიშვილმა.
_ ბატონო ბიძინა, რას ფიქრობთ, რას შეცვლის ეს არჩევნები, რა მოლოდინი გაქვთ თქვენ?
_ ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რაც საქართველოში ჩემი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. ეს არის ჭეშმარიტი და არა მოჩვენებითი დემოკრატია. ეს პროცესი გრძელდება და, მე ვფიქრობ, წარმატებულად. ეს არჩევნებიც იქნება გაგრძელება ამისა. უცხოელები ძალიან ხშირად ახსენებენ წინა ორ არჩევნებს, რასაც მე არ ვეთანხმები. წინა ორი არჩევნები არ გამოირჩეოდა დემოკრატიულობით. დასუსტებულად იყო საპარლამენტო არჩევნები. საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან ახლოს იყო ევროპულთან და ასე ხდება დღესაც. დღეს უფრო რთულია, რადგან ძალიან ბევრი კანდიდატია ასარჩევი. ეს მოგვცემს ყველაფერს, აი, აქედან იწყება იმ პრობლებმის გამოკვეთა, რომელსაც მე ამ ხელისუფლებას შეცდომად ვუთვლი, ეს არის უმუშევრობა. ხელისუფლებამ უნდა შექმნას პირობები იმისა, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები ბიზნესმა უნდა შექმნას და ბიზნესმა უნდა დაასაქმოს ადამიანები. ხელისუფლაბამ კი ხელი უნდა შეუწყოს მას. დღევანდელი დღიდან იწყება ეს ყველაფერი. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, უნდა შევქმნათ კონკურენტუნარიანი გარემო. ყველას უნდა ჰქონდეს არჩევანის გაკეთების თანაბარი შესაძლებლობა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სტანდარტებთან ძალიან ახლოს. მე ვერაფრით ვერ დავეთანხმები ოპოზიციის განცხადებას, რომ კანდიდატთა 80-მა პროცენტმა მოხსნა კანდიდატურა ხელისუფლების ზემოქმედების შედეგად, როგორ წარმოგიდგენიათ?! ამას თუ დავუჯერებთ, გამოდის, რომ ეს არჩევნები ყველაზე უარესია საქართველოს ისტორიაში. ორი არასამთავრობო ორგანიზაცია და ორი ტელევიზია ამას აფორმებს, მაგრამ ისინი საქართველოს მოსახლეობას ვერ შეუცვლიან დამოკიდებულებას. დღეს ნახავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა ასე იოლი არ არის. ამას ვუკიჟინებდი დღევანდელ ხელისუფლებას და ოპოზიციასაც. ჩვენ სწორი გზით უნდა ვიაროთ და სიმართლით უნდა გადავჯაბნოთ ერთმანეთი და არა ტყუილით. აბა, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ კანდიდატთა 80-მა პროცენტმა მოხსნა კანდიდატურა, იმიტომ, რომ, თურმე მათ ხელისუფლება აშანტაჟებდათ. აბა, გავიხსენოთ მარნეულში რა მოხდა. იქ ჩემთვისაც იყო კითხვის ნიშნები. ხედავდით, როგორ ფაფარაშლილი ლომივით იბრძოდა უგულავა. ხომ ნახეთ, რას შვებოდნენ "ნაციონალები".ხომ წარმოგიდგენიათ 75-მა კანდიდატმა უჩუმრად მოხსნა კანდიდატურა და ამ ლომივით უგულავამ ვერაფერი მოახერხა.
_ "ქართული ოცნების" კანდიდატსაც  რომ პოლიტსაბჭომ კანდიდატურის მოხსნა სთხოვა, ამაზე რას გვეტყვით? 
_ არ გვინდა, ამას არ ჩავყვეთ. მოკლე ინტერვიუ გავაკეთოთ. მეც მქონდა კითხვის ნიშნები, მაშინ, როცა "ნაციონალური მოძრაობის"  წარმომადგენელი ხსნიდა კანდიდატურას, შემდეგ იყო სასამართლო, მაგრამ ყველაფერი დალაგდა. ასეა სახელმწიფო, შეცდომების გარეშე არსად არაფერი არ ხდება. არ არსებობს ხელისუფლება და მთავრობა, რომელსაც შეცდომები არ მოსდით. არ უნდა მოსდიოდეთ დიდი შეცდომები და ეს არ უნდა იყოს კატასტროფული. 
_ ბატონო ბიძინა, მარნეულში "ქართული ოცნების" კანდიდატი მოხსნა პოლიტსაბჭომ, თუმცა დამოუკიდებლად აგრძელებს ბრძოლას...
_ ესე იგი, "ქართულ ოცნებას" აკლია დისციპლინა, დისციპლინა აკლია შტაბს და ა. შ., თუმცაღა, მე ვფიქრობ, რომ ესეც დემოკრატიულობაა. გადაწყვიტა შტაბმა, საბჭომ, მაგრამ არ დაეთანხმა პიროვნება.
_ რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც "ქართული ოცნების" კანდიდატებზე იყო კითხვის ნიშნები. ფოთის მერზე, რუსთავის მერზე...
_ ამ კონტექსტში მეც არ მომწონდა, როგორც ვითარდებოდა არჩევნები, თუმცა, მე არ ჩავრეულვარ. უკვე ბევრჯერ დაგვარწმუნა სასამართლომ, რომ ხელისუფლებისგან არ იმართება.
_ საჩხერელებს არ ეწყინებათ, ოზურგეთელი რომ გახდით?
_ საჩხერელებმა კარგად იციან, რომ მე ძალიან მიყვარს გურია.
_ ბატონო ბიძინა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვანო მაჭავარიანის დანიშვნასთან დაკავშირებით საზოგადოებამ თქვენი პოზიცია იხილა. მაშინ თქვენ არ მოუწონეთ პრეზიდენტს ეს გადაწყვეტილება. არჩევნებამდე ორი დღით კი  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცვლილებები განხორციელდა და მარგველაშვილმა მაჭავარიანი გაათავისუფლა...
_პირველ რიგში, მე ამასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. მე ჩემს გამოსვლაში არ მიმინიშნებია, თუ რატომ მუშაობს მაჭავარიანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მე ვთვლიდი და კიდევ შემიძლია გავიმეორო, რომ ის არ უნდა ყოფილიყო ფავორიტი, ის არღვევდა პოლიტკორექტურობას. მე ჩემი აზრი გამოვთქვი და სულაც არ მინდა, რომ ის, რაც მოხდა და როგორც მოხდა, ვინმემ მე მომაწეროს. მახსოვს, რომ მარგველაშვილი ჯერ კიდევ განათლების მინისტრი იყო და მან მე მკითხა, თუ შეიძლებოდა სამინისტროში დაესაქმებინა ვანო. მე მას თანხმობა მივეცი, თუმცა, არც ერთ შემთხვევაში ეს ჩემთან არ უნდა დაკავშირდეს. ეს არის მათი ურთიერთობა და არსად არ იკვეთება, რომ მე გამიწია ანგარიში.
_ თუ ეს ასე იყო, რატომ გაღიზიანდით როდესაც მარგველაშვილმა მაჭავარიანი ადმინისტრაციაში გადაიყვანა?
_ მე მხოლოდ ვამბობდი, რომ ის არ უნდა ყოფილიყო სახე, ის არ უნდა ყოფილიყო ფავორიტი. მე მხოლოდ ამაზე ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას და დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ უხერხულია, როცა მისი ძმა იყო ძველი პრეზიდენტის ფავორიტი და ახალი პრეზიდენტის ფავორიტი ხდება ვანო მაჭავარიანი. ეს გარკვეულ კითხვებს წარმოშობდა. მხოლოდ ამაზე მქონდა მე საუბარი. თუმცა, მე მაშინ ვთქვი, რომ თვითონ მიშა მაჭავარიანმაც რომ იმუშაოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მე ვერ ვიქნები წინააღმდეგი, რადგან ჩვენ ყველანი ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები.
_ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე ამბებსზე რას გვეტყვით. თქვენი აზრით ,ვინ უნდა მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას?..
_ მოდით, ნუ გავყვებით ასეთ წვრილმანებს. მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ ჩვენ ევროპულ არჩევნებს ვატარებთ. ისიც არ არის მთავარი, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრი გავხდეთ და გავხდებით კიდეც. მთავარია, ჩვენ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენს სამშობლოში ისე ღირსეულად იცხოვრონ ადამიანებმა, როგორც ძველ ევროპაში. ეს არის ჩვენთვის მთავარი და ჩვენ ამას შევძლებთ.

No comments:

Post a Comment