19 June 2014

სასამართლოს მიერ უფლებამოსილების აღდგენის შემთხვევაში, სექტემბრამდე თბილისის მერი ისევ გიგი უგულავა იქნება

სასამართლოს მიერ უფლებამოსილების აღდგენის შემთხვევაში, სექტემბრამდე თბილისის მერი ისევ გიგი უგულავა იქნება. 

როგორც "აქცენტს" იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განუცხადა, ცესკო-ს მიერ ჩასატარებელი პროცედურებისთვის, ეს დროის მაქსიმუმია.

"თუკი თბილისისი მერის არჩევნების შემაჯამებელი შედეგები გასაჩივრდა, მეორე ტური 3 აგვისტოს უწევს. 3 აგვისტოს ემატება დაახლოებით 7-10 დღე  მეორე ტურის შედეგების საბოლოო გაფორმებისთვის. ამის მერე ცესკო ალბათ შეაჯამებს და ოფიციალურად გამოაქვეყნებს შედეგებს მთელი საქართველოს მასშტაბით (ანუ პლუს 3 დღე მაინც). ამის შემდგომ ცესკოს აქვს 1 თვიანი ვადა ყველა საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევისთვის. ანუ სექტემბრამდე ადგილებზე შეცვლილი თვითმმართველობა ამ დრომდე ვერ ამოქმედდება. ეს არის ბოლო ვადები, მაგრამ შესაძლოა, ცესკომ მაგ.: 10 აგვისტოსვე შეაჯამოს და მოიწვიოს კიდეც საკრებულოს სხდომები. ანუ ”1 თვის ვადაში” არ ნიშნავს რომ ეს ვადა სრულად უნდა ვიანგარიშოთ", - განუცხადა "აქცენტს" ალაფიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე სასამართლო 20 ივნისს იმსჯელებს.

აღნიშნული საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ორჯერ გადაიდო, მიზეზი კი სასამართლოში პროკურორების გამოუცხადებლობა გახდა.

"თბილისის განვითარების ფონდთან" დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეზე გიგი უგულავას და მასთან ერთად ბრალდებულებს 48 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავებიან. 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უგულავას დედაქალაქის მერის უფლებამოსილება შეუჩერდა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლის საფუძველზეც უგულავას უფლებამოსილება შეუწყდა, არაკონსტიტუციურად სცნო. 

ცნობისთვის, საქმეზე ბრალდების მხარეს პროკურორები - გიგა ძნელაძე, ნათია სონღულაშვილი, ქეთევან ჩაჩავა და მალხაზ კაპანაძე წარმოადგენენ.

No comments:

Post a Comment