19 June 2014

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დავით პატარაია, საპარლამენტო მდივნად კი, გიორგი კვერენჩხილაძე დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დავით პატარაია დაინიშნა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა. 
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე დავით პატარაია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იყო. სხვადასხვა წლებში ის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მუშაობდა. 
პატარაია წლების განმავლობაში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას და კითხულობდა ლექციებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ხოლო შემდეგ - იურიდიულ ფაკულტეტზე. არის სამართლის დოქტორი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
დღესვე, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა გიორგი კვერენჩხილაძემ დაიკავა. 2014 წლის იანვრიდან დღემდე ის საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილედ მუშაობდა. 
გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტია და წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობდა. იგი კითხულობდა ლექციებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 
კვერენჩხილაძე სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის პროფესორი და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანია. გიორგი კვერენჩხილაძემ ამ თანამდებობაძე დავით პატარაია შეცვალა.

No comments:

Post a Comment