სამწუხაროდ, ზოგან ისეთი ხარვეზები ჩანს, რომ ადამიანები დაისჯებიან კიდეც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევების კომენტირებისას განაცხადა.
"ეს არჩევნები, ალბათ, უპრეცედენტოდ ობიექტურად ჩატარდა. ერთი საპრეზიდენტო არჩევნები იყო ძალიან კარგი ნახტომი, ამ მხრივ, მისი გაგრძელებაა ეს არჩევნები. ბუნებრივია, ხარვეზები არსებობდა. სამწუხაროდ, ზოგან ისეთი ხარვეზები ჩანს, რომ ადამიანები დაისჯებიან კიდეც. მე ვერ ვხედავ ამ წუთში იმის აუცილებლობას, რომ სადმე ხმების გადათვლაა საჭირო, ამაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. იმ ოპოზიციური ძალების მიერ, რომლებმაც ვერაფერი ხმები ვერ მოაგროვეს, საუბარი, რომ სადღაც გაყალბდა და სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი და გადაბრალება თავიანთი ჩავარდნის საარჩევნო სისტემაზე, გასაგებია", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
მისივე თქმით, თუ რომელიმე უბანზე იყო დაფიქსირებული სერიოზული ხარვეზები, ის მხარს დაუჭერს ხმების გადათვლას ან იმ უბანზე არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას, მაგრამ ეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გადაწყვიტოს.
საგანელიძე ასევე გამოეხმაურა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერის, კახა კუკავას ბრალდებას იმის თაობაზე, რომ მის კოალიციას ახალქალაქში 3 ათასი ხმა დააკლეს. "ძალიან ვწუხვარ, რომ კახა კუკავამ, მისმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოაგროვა ის ხმები, რომელიც მას დააკმაყოფილებდა და მისცემდა საშუალებას, ეამაყა თავისი შედეგით. პრობლემა, რა თქმა უნდა, ჰქონდათ, მაგრამ მოდი ყველაფერს ნუ გადააბრალებენ არჩევნების ხარვეზებით ჩატარებას", - აღნიშნა დავით საგანელიძემ.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი შიხიაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის რანგში, ივნისის ბოლოს, 350 პროცენტიან პრემიას - 12 000 ლარს აიღებს, რასაც ყოველთვიური ანაზღაურება - 3 540 ლარიც დაემატება.
No comments:
Post a Comment