გუშინ პარლამენტში პრემიერობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის უმცირესობის წევრებთან შეხვედრამ გაამყარა „გონივრული“ ეჭვი და კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს არსებული ხელისუფლების მიმართ საკუთარი პოზიციებისა და უარყოფითი დამოკიდებულების აქტიურად წარმოსაჩენად. ამ შეხვედრიდან დარჩა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ისინი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ პოლემიკითა და ოპონირებით ცდილობდნენ შეეფუთათ და მიეჩქმალათ დაკავება-დაპატიმრების მოლოდინის ის შიში, რაც შეიძლება მოჰყვეს მათი ცხრაწლიანი მოღვაწეობის პერიოდს და რაც ლოგიკას მოკლებული ნამდვილად არ არის.
ყოფილი მთავრობის წევრებმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვიეს და ოპონირების რეჟიმი, როგორც ეს მათ სჩვევიათ ხოლმე, სრულ ვაკხანალიად აქციეს და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, პრემიერობის კანდიდატს ჩვეული დემაგოგიური ფრაზებით თავს დაესხნენ საპარლამენტო უმცირესობიდან სწორედ ის დეპუტატები, რომელთა შესახებაც არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები და რომელთა მიმართაც მოუთმენლად ელის ქართული საზოგადოება სამართლიანობის აღდგენას უახლოეს პერიოდში.
ე.წ. ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რამდენიმე ტრადიციულმა „თავდამსხმელმა“, როგორც ყოველთვის, თავი „ისახელა“, მათ შორისაა: ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი კანდელაკი, აკო მინაშვილი, იგივე „სიდედროვიჩი“, ნუგზარ წიკლაური, გოგა ხაჩიძე, გივი თარგამაძე. ამათგან ყველაზე მეტად გამოიკვეთა „ლიდერი“ გია ბარამიძე. ის ხმაურიანი და მისთვის ჩვეული პათოსით გამოირჩეოდა. სწორედ ეს ვითომ წესიერი კაცი ჩალურჯებამდე ლოყებდაბერილი, უტიფარი სახით, გაავებული და გაცეცხლებული პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ჭკუას ასწავლიდა. ერთ-ერთი საკითხის თაობაზე თავისი დემაგოგიური, დაუმორჩილებელი ტონით თავხედურადაც კი შესძახა:- თქვენ, იცით სად ხართ, ბატონო ირაკლი? ახლავე ბოდიში მომიხადეთ, ანდა ამ საკითხზე ცალკე დაგელაპარაკებითო. საპარლამენტო უმცირესობას ჩანაფიქრი ჰქონდა, ირაკლი ღარიბაშვილზე ამგვარი თავდასხმით პრემიერი ხალხის თვალში გაეფარჩაკებინა, მაგრამ ეს ვერ გამოუვიდათ. გია ბარამიძის ყველა შეკითხვას მან ემოციურად, მაგრამ სიტუაციისა და მდგომარეობის შესაფერისი, ადეკვატური პასუხი გასცა.
მათ შორის გამწვავებულმა კამათმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს ეს „ნაცებისთვის“ გადარჩენის ბოლო შანსი და გაფართხალება ყოფილიყო. უმცირესობას ამ პოლემიკით ისეთი შთაბეჭდილების დატოვება სურდა, თითქოს პრემიერი მათ დევნის, რომ თითქოს ის არ გახლავთ იმ დონის და მომზადების პოლიტიკოსი, რომელსაც ისინი უნდა ესაუბრონ. არადა, თითოეული იმ პირის მიმართ, რომლებიც გუშინ პარლამენტში ზომაზე მეტად აქტიურობდნენ, ყველა მათგანთან სამართალდამცავებს სერიოზული შეკითხვები აქვთ.
ცნობილი სისხლის სამართლის „აფრასიძეების საქმის“ შესახებ რამდენიმე თვის წინ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ პროკურატურამ საჩივარი მიიღო. ცნობილია, რომ მან 2005 წელს, როცა ის შს მინისტრი იყო, მესტიაში აფრასიძეების ოჯახისდაბომბვის ბრძანება გასცა, რის შედეგადაც დაიღუპა ოჯახის ორი წევრი, დაიჭრნენ ქალები და ბავშვები და გადარჩენილი მამაკაცები დააპატიმრეს. ცნობილი ამნისტიის შედეგად აფრასიძეები გაათავისუფლეს და სწორედ მათმა დედამ მიმართა საჩივრით პროკურატურას. საქმეზე მტკიცებულებანი არსებობს, სადაც გიორგი ბარამიძის ბრალეულობა იკვეთება და წესით ის აქამდეც უნდა დაეკავებინათ, ცოტა უფრო მეტად პრინციპული რომ ყოფილიყო პროკურორი, მაგრამ ლოიალობითა და რბილი ხასიათით ცნობილმა არჩილ კბილაშვილმა ისე დატოვა თანამდებობა, რომ მისი დაკითხვაც კი ვერ შეძლო. ცხადია, ამ უარყოფით ტენდენციას ე.წ. კოჰაბიტაციამაც შეუწყო ხელი და შედეგიც სახეზეა. დაუსჯელობით განებივრებული გიორგი ბარამიძე საზოგადოებას უკვე აბუჩად გვიგდებს; თავად სისხლის სამართლის დანაშაულში „ეჭვმიტანილი“ პარლამენტიდან დორბლებს და ნაცარს სახეში უსირცხვილოდ გვაყრის.
მის გაწიწმატებას ნამდვილად არ უდევს საფუძვლად სამშობლოს გადარჩენის სურვილი და მისდამი სიყვარული, მას უფრო საკუთარი თავი გასჭირვებია... ამიტომაც ის ცდილობს, პრემიერთან ღია და საჯარო დაპირისპირება ისე წარმოაჩინოს, რომ მისი მომავალი დაკავების საფუძველი პოლიტიკური სარჩულით შეიკეროს. ამით შემდგომში თანაპარტიელებს შესაძლებლობა ექნებათ ატეხონ ერთი ვაი–უშველებელი და მისი დაპატიმრების მიზეზად დაასახელონ, რომ ის მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო დააკავესო.
„ექსკლუზივ ნიუსი“-სთვის ცნობილი გახდა, რომ მთავრობის დამტკიცებისთანავე მთავარი პროკურატურა ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების რეალურ მიზეზს გაასაჯაროებს, ხოლო ამ კონკრეტული საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე კი გიორგი ბარამიძეა. მან შესანიშნავად იცის, რომ ახალი მთავარი პროკურორი მას არანაირად არ დაინდობს და მას ჯერ „აფრასიძეების საქმეზე“, შემდეგ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე არსებული სისხლის სამართლის საქმეზე და კიდევ სხვა მრავალ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.
პარლამენტში პრემიერთან ნაც-დეპუტატების ხმაურიანი და არაადეკვატური შეხვედრა უმეტესწილად სწორედ ხსენებულ მიზეზებს უკავშირდება და არსებობს კომპრომატები უმცირესობის თითოეული გამომსვლელის: გიორგი კანდელაკის, გიორგი ბარამიძის, ნუგზარ წიკლაურის, აკაკი მინაშვილის, გოგა ხაჩიძის, გივი თარგამაძის, ჩიორა თაქთაქიშვილისა და სხვა პირთა მიმართ. მათთვის კარგად არის ცნობილი, რომ საზოგადოების დაკვეთა ახალი ხელისუფლების მიმართ სამართლინობის აღდგენაა და მისი შეუსრულებლობის თეორიული შანსიც კი არ არსებობს. ახალ პრემიერთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა ისინი, რომ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ის სამართლიანობის აღსრულებას დანიშვნისთანავე შეუდგება. როგორც ჩანს, „ნაციონალების“ შიში არცთუ უსაფუძვლოა. სამართლიანობის აღდგენას ხელს უკვე ვეღარაფერი შეუშლის, ეს პროცესი, უმცირესობის წევრების სურვილის მიუხედავად, შეუქცევადი გახდება და ბოლოს და ბოლოს სამართალი იზეიმებს ჩვენს ქვეყანაში.
No comments:
Post a Comment