აჭარის მთავრობის სახელით ხელშეკრულებას ხელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსმა ზურა ჭურკვეიძემ მოაწერა. შპს „მეტრო ატლას ჯორჯია"-დან ხელი კომპანიის საპატიო პრეზიდენტმა გალიფ ოზთურქმა, შპს „ეიარ მერიდიანსი"-დან კომპანიის დირექტორმა რაულ კაიტამბა მოაწერა.
ახალ ბულვარში შპს „მეტრო ატლას ჯორჯია" და შპს „ეიარ მერიდიანსი" არანაკლებ 220 - 200 ნომრიანი სასტუმროსა და აპარტამენტების მშენებლობას იწყებენ. ცნობილია, რომ უკვე დასრულებული სასტუმროების ოპერირებას მსოფლიო ბრენდები უზრუნველყოფენ.
შპს „ეიარ მერიდიანსი" ზღვისპირა ქალაქში არანაკლებ 30 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტის მიხედვით საინვესტიციო ტერიტორიაზე არანაკლებ 220 ნომრიანი სასტუმო და 600 აპარტამენტი აშენდება. შენობაში ასევე სამორინე, საკონფერენციო დარბაზები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, კვების და სხვა ობიექტები განთავსდება. პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წელში დასრულდება. ინვესტიციის განხორციელების შემდეგ არანაკლებ 300 ადამიანი დასაქმდება.
შპს „მეტრო ატლას ჯორჯია" კი ბათუიმის ახალ ბულვარში არანაკლებ 20 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ხელშეკრულების მიხედვით ინვესტორი არანაკლებ 200 ნომრიან სასტუმროს, ასევე არანაკლებ 250 აპარტამენტის მშენებლობას უზრუნველყოფს.
პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე კაზინო, საკონფერენციო დარბაზები, სპა ცენტრი მოეწყობა. ინვესტიციის განხორციელების შემდეგ არანაკლებ 500 ადამიანი დასაქმდება. კომპანია 20 მილიონი დოლარიდან 1 მილიონ დოლარს საინვესტიციო ტერიტირიასთან არსებული არხის კეთილმოწყობისთვის დახარჯავს. პროექტის განხორცილება მიმდინარე წელს დაიწყება.
ხელშეკრულების მიხედვით შპს „მეტრო ატლას ჯორჯიას" მშენებლობის დასრულებისთვის 5 წელი ექნება, თუმცა კომპანიის განცხადებით პროექტი დაახლოებით 2017 წელს დასრულდება.
No comments:
Post a Comment