09 June 2015

იუსტიციის სახლის ფილიალები კიდევ რვა ქალაქში აშენდება

იუსტიციის სახლის ფილიალები კიდევ რვა ქალაქში აშენდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი პროექტები დღეს დიპლომატთა კორპუსს, მთავრობისა და ბიზნესსექტორის წევრებს თავად წარუდგინა.
ფოთი, თიანეთი, ყაზბეგი, ბორჯომი, ონი, ლაგოდეხი, ახალქალაქი და მცხეთა − ეს იმ ქალაქების ჩამონათვალია, სადაც მომხმარებელი ოთხასამდე სერვისის მიღებას იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი ხარისხით შეძლებს. ყველა ახალი პროექტი იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელი განსხვავებული და ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა.

ახალი ფილიალებიდან პირველი მშენებლობის დასრულება ფოთში უკვე 15 ივნისსაა დაგეგმილი. ფოთის ფილიალი 1050 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული, რომლის მშენებლობის ღირებულება 3095519,11 ლარს შეადგენს. აგვისტოში იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობას თიანეთელი მოსახლეობაც შეძლებს. მისი მშენებლობის დასრულება 17 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი, რომლის მშენებლობის ღირებულება 2 600 00 ლარს შეადგენს. წლის ბოლომდე კიდევ ორი იუსტიციის სახლი გაიხსნება − ოქტომბერში − ყაზბეგის, დეკემბერში კი − ბორჯომის.

2016 წელს იუსტიციის სახლის ახალი ფილიალები გაიხსნება ლაგოდეხში (თებერვალში), ონში (მარტში), ახალქალაქში (სექტემბერში). რაც შეეხება მცხეთის ფილიალს, პროექტის მშენებლობის დაწყება იუნესკოს მიერ ნებართვის გაცემისთანავე იგეგმება.

„იუსტიციის სახლი“ სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც იუსტიციის სამინისტროს უწყებების სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღოს 400-მდე მომსახურება. ამჟამად იუსტიციის სახლი საქართველოს მასშტაბით 13 ფილიალითაა წარმოდგენილი. ყოველდღიურად თბილისის, გორის, ოზურგეთის, გურჯაანის, თელავის, ქუთაისის, რუსთავის, ბათუმის, ყვარლის, მარნეულის, ახალციხის, ზუგდიდის და მესტიის იუსტიციის სახლებში მომსახურებას 30 000-მდე მომხმარებელი იღებს.

No comments:

Post a Comment