ბათუმში, სასტუმრო კომპლექსი „მეტრო სითი" სავარაუდოდ 2017 წლის ბოლოს გაიხსნება. ამის შესახებ „კომერსანტს" სასტუმროს მშენებელ კომპანიაში „ატლას ჯორჯია" განუცხადეს.
ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა ზღვისპირა ქალაქში უკვე დაწყებულია. ერთი სართულის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე მეორე სართულის დასრულება მიმდინარეობს.
როგორც „კომერსანტს" კომპანიის წარმომადგენელმა, რაულ კახაძემ განუცხადა, ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელი ბრენდი განთავსდება აღნიშნულ სასტუმროში. იგი განმარტავს, რომ მოლაპარაკება რამდენიმე საერთაშორისო ბრენდთან მიმდინარეობს და მათგან ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ჯერ არცერთი არ არის.
მისივე ინფორმაციით, სასტუმროში მინიმუმ 200 ნომერი განთავსდება. ასევე იქნება 1500 კაციანი საკონფერენციო დარბაზი, კაზინო, სავაჭრო ცენტრი, გაკეთდება საპრეზიდენტო აპარტამენტებიც.
აჭარის მთავრობასა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ატლას ჯორჯიამ" არანაკლებ 42,6 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. თუმცა კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ეს თანხა დაახლოებით 90 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.
სასტუმროს მშენებლობა ბათუმში 2014 წლის სექტემბერში დაიწყო.
No comments:
Post a Comment