დღეს, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში რუსთავში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი დამსწრე საზოგადოებას რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ წარუდგინა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რუსთავის მაჟორიტარი ზვიად ძიძიგური, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა გუგეშაშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ. პრეზენტაცია იმ უბნების ამხანაგობების თავმჯდომარეებმაც მოისმინეს, რომელიც ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სტიქიით განსაკუთრებით ზარალდებოდა. საკრებულოს დარბაზში შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრმა მაჟორიტარ დეპუტატთან, ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პირადად დაათვალიერა თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის ის მონაკვეთი, სადაც პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს.
ქალაქის სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციის პროექტი ოთხი კომპონენტისგან შედგება:
1) სანიაღვრე ქსელის მოწყობა თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილზე
2) სანიაღვრე სისტემის მოწყობა მშვიდობის ქუჩაზე (ე.წ. კუზიანი ხიდიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე და გიორგაძის ქუჩიდან მშვიდობის ქუჩამდე)
3) სანიაღვრე სისტემის მოწყობა ტაბიძის, დადიანის და სანაპიროს ქუჩებზე
4) სანიაღვრე ქსელის მოწყობა გორის და ყაზბეგის ქუჩის 1-ლი შესახვევის გადაკვეთამდე
სულ ოთხივე პროექტის ღირებულება 956 567 ლარს შეადგენს. ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება.
პროექტის განხორციელების შემდეგ, შესაძლებელი გახდება, წვიმის დროს იაღლუჯის მთიდან მომავალი წყლის ნაკადის ქალაქის სანიაღვრე სისტემაში გაშვება, რაც ფაქტიურად სრულად მოხსნის ძლიერი წვიმის დროს ქუჩების დატბორვის და წყალდიდობის საშიშროებას, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში თითქმის ყოველწლიურად მეორდებოდა რუსთავში. მარტო 2014 წელს, სტიქიით დაზიანებული შენობების და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია 970 000 ლარი დაუჯდა ბიუჯეტს.
No comments:
Post a Comment