ცნობილია, რომ 2015 წლის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში ოთხი გამორჩეული საღამო ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე გაიმართება. 25 ივლისს ლიზა სტენსფილდი იმღერებს, 26 ივლისს კი - სნუპ დოგი. ორივე კონცერტი საღამოს 20:00 საათზე დაიწყება და საათნახევრიან საღამოზე ძველ ჰიტებთან ერთად ახალი ალბომების პრეზენტაციაც შედგება.
ტურისტული სეზონის განმავლობაში, ბათუმის მერია ოთხი ფესტივალის ჩატარებას გეგმავს. ესენია კლასიკური მუსიკის საღამოები, საავტორო კინოს, ქალაქური მუსიკისა და ფოლკლორის ფესტივალები. როგორც „კომერსანტს" მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლამზირა ბოლქვაძემ განუცხადა, კლასიკური მუსიკის საღამოებისათვის ბათუმში მსოფლიოში ძალიან ცნობილი შემსრულებლების ჩამოყვანა იგეგმება. მისივე ინფორმაციით, ზღვისპირა ქალაქში ძალიან ხშირად გაიმართება ჯაზ ბიგ-ბენდის კონცერტიც.
„კლუბებს შეიძლება სხვადასხვა პროგრამა აქვთ დაგეგმილი, მაგრამ ასეთი მასშტაბური თუ იქნებოდა, აუცილებლად მეცოდინებოდა. გამოვრიცხავ, რომ ასეთ მოკლე დროში რაიმე შეიცვალოს. მომღერლებსაც გაწერილი აქვთ თავიანთი პროგრამები და რამდენად მოეწსრება, არ ვიცი" - აცხადებს ბოლქვაძე.
საქართველოს კულტურის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს, მაისიდან სექტემბრამდე არამხოლოდ მომღერლების ჩამოყვანის კუთხით, ძალიან აქტიური პერიოდი იქნება. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ტურისტული სეზონის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული აქტივობა იგეგმება. მათივე ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით კონკრეტული გეგმა გაწერილი არ არის, თუმცა ოფიციალურად ის უახლოეს პერიოდში შედგება.
შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში ბათუმში სტინგისა და კრის ბოტის, ენრიკე იგლესიასის, პლასიდო დომინგოს, ანდრეა ბოჩელის, მონსერატ კაბალიეს, კრის დე ბურგისა და სხვა ცნობილი შემსრულებლების კონცერტები გაიმართა.
No comments:
Post a Comment