"ანტისახელმწიფოებრივი კამპანია"- პრემიერის პირველი განცხადება სკანდალურ ვიდეომასალებზე
პრემიერ-მინისტრი ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული სკანდალური ვიდეომასალის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილი ვიდეომასალის გავრცელებას ნაციონალური მოძრაობის მიერ გაკეთებულანტისახელმწიფოებრივ კამპანიას უწოდებს და აცხადებს, რომ მათი მიზანი პოლიციის დისკრედიტაციაა და ცდილობენ შური იძიონ სამართალდამცველებზე, რადგან ისინი ამ პოლიტიკური ძალის სამსახურში არ დარჩნენ:
"არ შემიძლია, არ შევეხო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და იმ მართლაც ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას, რომელიც წამოიწყო ჩვენმა ე.წ. ოპონენტებმა – "ნაციონალურმა მოძრაობამ". ვგულისხმობ ჩვენი სამართალდამცავების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან. პირდაპირ ვაცხადებ, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. სახეზეა სახელმწფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის აშკარა მცდელობა. ვიდეოები რაც მათ გამოაქვეყნეს, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მათი მთავარი მიზანია, მოახდინონ ჩვენი მართლაც საამაყო პოლიციელების, ღირსეული ოფიცრების, ჯარისკაცების, ზოგადად ჩვენი საზოგადოების დამცველების, ჩვენი ხალხის ინტერესებისა და მათი უსაფრთხოების დამცველების დისკრედიტაცია. ეს ძალიან სახიფათო თამაშია. მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ ეს მათ ძალიან ძვირად დაუჯდებათ. "პოლიციელზე ნებისმიერი უსამართლო ნათქვამი სიტყვა იქნება თუ ქმედება, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქციელი, მით უმეტეს თუ ვინმეს უსამართლოდ აკრიტიკებ ან ცდილობ მოახდინო მისი დისკრედიტაცია. ეს არის რა თქმა უნდა, მიზანმიმართული კამპანია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. ისინი ცდილობენ შური იძიონ მართლაც ღირსეულ პოლიციელებზე, რომლებიც ქვეყნის ინტერესს ემსახურებიან და არ დარჩნენ "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების დამცველებად. მათ დაამტკიცეს ორი წლის განმავლობაში, რომ არიან ჩვენი ქვეყნის სამსახურში და არც ერთი პოლიტიკური ძალის სამსახურში. ჩვენ ამას მივაღწიეთ და ჩვენ ამით ვამაყობთ. ამიტომაც არ დავუშვებთ იმას, რომ ვიღაცას მივცეთ საშუალება, მოახდინოს პოლიციის დისკრედიტაცია. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და ამაზრზენი", - აღნიშნა პრემიერმა.
No comments:
Post a Comment