პრემიერის განცხადებით 3 ათასი ოჯახის უმუშევრად დატოვება უპასუხისმგებლობა და ღალატია (ვიდეო)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დრეს მთავრობის სხდომაზე საყდრისთან დაკავშირებით კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა, მთავრობის მეთაურმა იმ საპროტესტო აქციას გამეხმაურა, რომელიც კომპანია RMG GOLD-ის თანამშრომლებმა გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს.პრემიერი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ყოველთვის ორივე მხარეს უნდა მოუსმინოს. „ის, რომ ამ კომპანიაში დასაქმებულია 3 ათასი ოჯახი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი აქტიური მუშაობა ბოლნისის რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან ძვირფასია თითოეული არქეოლოგიური ობიექტი, კულტურული ძეგლი. ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით 700-ზე მეტი კულტურული ძეგლია აღდგენილი საქართველოში. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეაბილიტირებულია 120-მდე ძეგლი, დაფინანსდა 50-მდე არქეოლოგიური გათხრა, ხოლო „ქართუ ფონდის“ სახსრებით დამატებით 100 ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდა. გარდა ამისა, კომპანია საკუთარი სახსრებით აპირებს მუზეუმის მოწყობას და ყველა არტეფაქტი, რომელიც იქნება აღმოჩენილი, გადატანილი იქნება მუზეუმში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ კომპანიას სამუშაოების გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეს, ვინაიდან 3 ათასი ოჯახის უმუშევრად დატოვება უპასუხისმგებლობა და ღალატია.
No comments:
Post a Comment