"ბანკის მუშაობის ფარგლებში, კერძო სექტორსაც დავეხმარებით და ამით საქართველოს ეკონომიკაში საკუთარ წვლილს შევიტანთ", – ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ლასლო ბარანაიმ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკს, საქართველოში, უკვე ნახევარ მილიარდ ევროზე მეტი აქვს დაბანდებული, რაც ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი მონაწილეობაა. ბარანაის განცხადებითვე, ბანკი აქტიურად თანამშრომლობს "საქართველოს ბანკთან", მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის და მსგავსი დახმარებები ხელს უწყობს საქართველოში დასაქმებას.
თუმცა, მისივე თქმით, გარდა კერძო სექტორისა ისინი სხვა სექტორებსაც აფინანსებენ. ამ შემთხვევაში მან ქუთაისის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პროგრამა აღნიშნა.
"ორი კვირის წინ, ჩვენ თბილისში, რეგიონული წარმომადგენლობის ოფისი გავხსენით, რომელიც რეგიონის სხვა ქვეყნებსაც მოემსახურება. აქ ჩვენ სოფლის მეურნეობასა და კერძო ბიზნესს შევუწყობთ ხელს. რიგის სამიტთან დაკავშირებით, ბიზნეს ფორუმი გაიმართება, სადაც ჩვენ კიდევ უფრო გავაღმავებთ საქართველოსთან თანამშრომლობას” , – განაცხადა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი, კერძო ბიზნესის დასახმარებლად გააქტიურდება, როგორც საქართველოს საბანკო სისტემის, ისე საკუთარი ოფისის მეშვეობითაც. მისივე თქმით,შეთანხმდნენ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი, წყლით მომარაგების პროგრამას დაიწყებს ქუთაისში. 150 მილიონი ევროს ინვესტიციები უკვე დაგეგმილია, – აღნიშნა ხადურმა.
No comments:
Post a Comment