ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაზეთ „ფაინენშალთან" აცხადებს, რომ 2015 წელს იგეგმება ხელოვნური ტბების ასევე ბიატლონის ტრასის მოწყობა, მისივე თქმით, კერძო ინვესტორთან ერთად კოხტა-მიტარბის ალპური სოფლის განვითარებას გეგმავენ.
სვანეთში ხელოვნური გათოვლიანების სისტემის წარდგენა მოხდება, რომელიც საფუძლიან შესწავლას მოითხოვს და პროცესი 2015 - ში დაიწყება.
გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ანაკლიაში პორტის მშენებელი კომპანიაც წელს გამოვლინდება, ინვესტორი მუშაობას კი 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყებს. კვირიკაშვილის ინფორმაციითვე 2015 წლის ბოლოსთვის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ძირითადი სამუშაოები დასრულდება. მინისტრის თქმით, დანარჩენი მსხვილი პროექტები ინფრასტრუქტურაში, ტურიზმსა და ტრანსპორტის სფეროში იგეგმება.
მთავრობა პროექტების განხორციელებას „საპარტნიორო ფონდის" მეშვეობით გეგმავს, „აწარმოე საქართველოშის" გარდა, მოხდება მეორე მიმართულების განვითარებაც და მსხვილი საწარმოების მოწყობა კერძო სექტორთან ერთად დაიწყება. კვირიკაშვილი ამბობს, რომ ყაზახი, აზერბაიჯანელი, ჩინელი და თურქი ინვესტორების მხრიდან დიდი ინტერესია.
მინისტრის განცხადებითვე, საქართველოს ევროპული პოლიტიკური სისტემა და ინსტიტუტები უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ არსებული საგარეო რისკების ნეიტრალიზება მოახდინოს. ამასთან, მისი თქმით, ტიპური ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით მეტი მოქნილობა და ნაკლები ბიუროკრატიაა საჭირო, რომ აღმოსავლური ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეს იქნება სტრატეგია და მოდელი, რომელზეც იმუშავებენ.
No comments:
Post a Comment